ახალი ამბები

ზურაბიშვილმა შვეიცარიას გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

18 ივლისი, 2021 • 1098
ზურაბიშვილმა შვეიცარიას გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც, ზურაბიშვილმა შვეიცარიელ კოლეგას ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თბილისსა და მოსკოვში მდებარე შვეიცარიის კონფედდერაციის საელჩოებში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ინტერესების სექციებიც ფუნქციონირებს.

ოსური მხარის განცხადებით, გახელაძის შეწყალება მოჰყვა რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობას. ასევე, ცხინვალის განცხადებით, გახელაძე მანამდე ლარსის გამშვებ პუნქტთან მკვლელობისთვის დაკავებულ ვადიმ გობოზოვში გაცვალეს.

ზაზა გახელაძე 14 ივლისს დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. იგი სოფელ ქვემო ჭალაში 2020 წელს დააკავეს.

მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობისა და “საზღვრის” უკანონო კვეთისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ივნისის თვეში გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობა გამართეს. ოჯახის წევრები მანამდე საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ.

ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ აპირებდა “საზღვრის” გადაკვეთას, რათა იმ საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ოჯახმა გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები, რადგან საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, ჩართულიყვნენ ზაზა გახელაძის განთავისუფლებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი