საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ილია მეორის და რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერას აქვეყნებს.
24 ივნისით დათარიღებულ წერილში პატრიარქი კირილე ილია მეორეს სწერს, რომ გახელაძის გათავისუფების თხოვნით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მიმართა.
“ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.
მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან”, – ვკითხულობთ პატრიარ კირილეს წერილში.
19 ივლისით დათარიღებულ წერილში ილია მეორე მადლობას უხდის პატრიარქ კირილს ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო და აღნიშნავს, რომ ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ურთიერთობებს და მოსახლეობაში იწვევს მადლიერების გრძნობის გამოძახილს.
“თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.
გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.
ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.
დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით”, – ვკითხულობთ ილია მეორის სამადლობელ წერილში.
გამყოფ ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 14 ივლისს შეიწყალა.
ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში 2020 წელს დააკავეს. იგი აქამდე ცხინვალის საპყრობილეში რჩებოდა.
ივნისის თვეში გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობა გამართეს. ოჯახის წევრები მანამდე საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ.
ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ აპირებდა “საზღვრის” გადაკვეთას, რათა იმ საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ოჯახმა გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები, რადგან საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, ჩართულიყვნენ ზაზა გახელაძის განთავისუფლებაში.