ახალი ამბებიკომენტარი

ჩორჩანა: ნერვების ომი, რომელიც საქართველომ არ უნდა წააგოს – თეონა აქუბარდია

30 აგვისტო, 2019 • 5360
ჩორჩანა: ნერვების ომი, რომელიც საქართველომ არ უნდა წააგოს – თეონა აქუბარდია

“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიკავოს პრინციპული პოზიცია ამ საგუშაგოსთან დაკავშირებით, რამდენადაც ის ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს იცავს”, – ასე ფიქრობს სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია, რომელიც ბოლო დღეებში ჩორჩანის საგუშაგოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს მოსკოვის მხრიდან წარმოებულ ნერვების ომად აფასებს.

მისი თქმით, ადგილზე საგუშაგოს არსებობა მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ზომებს ამ ეტაპზე არ აქვს სისტემური ხასიათი.

“ბლოკპოსტის განთავსება მისასალმებელი და აუცილებელია. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც არის ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საგუშაგოები იცავს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა გაააქტიურა მცოცავი ოკუპაცია და აგრესიული ნაბიჯები საოკუპაციო ზოლს მიღმა.

მიუხედავად იმისა, რომ მივესალმები გადაწყვეტილებას, აქ ერთი, ჩემთვის გაურკვეველი მომენტია: შეიცვალა თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების საპირწონედ. ეს არ იკითხება იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტულად ერთი საგუშაგო. არ ყოფილა რაიმე ტიპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დონეზე იღებენ”, – აღნიშნავს თეონა აქუბარდია და ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში გაუანალიზებელი მოქმედება და პრევენციული მექანიზმების არარსებობა შეიმჩნევა.

ექსპერტის თქმით, აუცილებელია, ქვეყანამ საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს. თუმცა, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსმ ერთიანი სტრატეგიით იმოქმედოს, გააანალიზოს რისკები და “არ გადადგას ნაბიჯები იმ პოზიციებიდან, რომლებიც წარმატებულად უკავია”.

“სახელმწიფოს არაერთი ბერკეტის გამოყენება შეუძლია: საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და გააქტიურება რუსეთზე ზეწოლისთვის; კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომელიც მიმდებარედ ცხოვრობს; მნიშვნელოვანი და აუცილებელია ოპოზიციასთან დიალოგიც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, რამდენადაც როცა ქვეყნის ინტერესებს ეხება საქმე, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა იყვნენ ერთიანი, მიუხედავად მათი რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა”, – აცხადებს ის.

საფრთხეების სერიოზულობაზე საუბრისას სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსკოვი ცხინვალის მეშვეობით ე.წ. ნერვების ომს აწარმოებს, რაიმე სახის სამხედრო კამპანიის წარმოება კი ამ ეტაპზე მის ინტერესებში არ შედის:

“ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს სამხედრო კამპანიის წარმოება, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ საპარლემენტო არჩევნებს ველით 2020-ში. მოსკოვმა საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა იმისთვის, რათა საქართველოში წარმოჩენილიყო სხვა სახით, ე.წ. რბილი ძალა, როგორც ამას უწოდებენ ჩვენში. ის ცდილობს, საქართველოში გააჩინოს პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც რუსეთს სხვა სახით წარმოაჩენენ, და ასე ებრძოლონ დასავლეთს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. თუ რუსეთი ახლა სამხედრო ძალას გამოიყენებს, ეს ყველაფერი აბსოლუტურად წყალში ჩაეყრება”.

აქუბარდიას აზრით, საქართველოს მხრიდან ზემოხსენებული ნერვების ომის წაგება და საგუშაგოს საკითხზე უკან დახევა დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, ვინაიდან გამოჩნდება, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია გააზრებული პოლიტიკა ოკუპაციასთან საბრძოლველად. მისივე თქმით, ეს გამოცდაა უშუალოდ “ქართული ოცნებისთვისაც”.

“ეს არის გარკვეულწილად ნერვების ომი, თუ ვის უმტყუნებს პირველს. თუ საქართველო ამ ომს წააგებს, ეს იქნება რუსეთის პირდაპირ მოწვევა, რომ მან განახორციელოს დამატებითი პროვოკაციები, შემოვიდეს სიღრმეში და მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს.

ეს არის ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი გამოცდა, რადგან როგორც ვხედავთ, ერთი მხრივ, ხელისუფლებას ადანაშაულებენ საკმაოდ რბილ პოზიციებში რუსეთთან მიმართებაში. ქართული ოცნების ხედვა იყო, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი აღარ ყოფილიყო და რაღაც პრაგმატული პოლიტიკა გვქონოდა რუსეთთან, რამაც არ გაამართლა.  ამ ხელისუფლების მანტია გარკვეულწილად არის ის, რომ ის არ იცავს ქვეყნის ეროვნულ  ინტერესებს სათანადო დონეზე და არ უპირისპირდება რუსეთს იმ ძალით, რა ძალითაც ეს აუცილებელია. თუ მან დათმო პრინციპული პოზიციები და არ აჩვენა რუსეთთან მიმართებით ერთიანი პოზიცია, ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე 2020-ის არჩევნებზე.

თუ უარს ვიტყვით ამ საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპულ პოზიციაზე, კიდევ ერთხელ იმეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არ ახორციელებს გააზრებულ პოლიტიკას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ეს არის ერთჯერადი აქცია და მათ უბრალოდ არ ჰქონდათ გათვლილი საპასუხო ნაბიჯები”, – აღნიშნავს ექსპერტი.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო პოსტი ააგო, რის გაუქმებასაც ცხინვალი ითხოვს. გუშინ ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმიც წაუყენა, თუმცა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება, რომელიც ცხინვალის კონტროლის ქვეშაა. მხარეებს შორის დღეს მეორე შეხვედრა იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი