ახალი ამბები

კარგია, რომ გახელაძე ოჯახს უბრუნდება, დაუშვებელია უკანონო დაკავება – ჰარცელი

15 ივლისი, 2021 • 584
კარგია, რომ გახელაძე ოჯახს უბრუნდება, დაუშვებელია უკანონო დაკავება – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ოჯახში დაბრუნება კარგია.

“კარგია, რომ ზაზა გახელაძე დღეს ოჯახს უბრუნდება. დაუშვებელია უკანონო დაკავება. მიხარია, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საშუალებით  ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით”, – წერს ჰარცელი ტვიტერზე.

გამყოფ ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძე გუშინ, 14 ივლისს, გათავისუფლდა. ის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში 2020 წელს დააკავეს. იგი აქამდე ცხინვალის საპყრობილეში რჩებოდა.

ივნისის თვეში გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობა გამართეს. ოჯახის წევრები მანამდე საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ. ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ აპირებდა “საზღვრის” გადაკვეთას, რათა იმ საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ოჯახმა გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები, რადგან საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, ჩართულიყვნენ ზაზა გახელაძის განთავისუფლებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი