ახალი ამბები

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მოხდა

21 სექტემბერი, 2021 • 1524
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მოხდა

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ გაგზავნილ მღვდლებსა და მღვდელმთავრის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ერთ-ერთი სასულიერო პირი, სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, დანიელ გვილავა უყვება “ნეტგაზეთს”, მიტროპოლიტის მიერ ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებით განმკარგველად დანიშნულ ტარიელ რუხაძეს მონასტრის დალუქვა სურდა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

დანიელ გვილავას თქმით, ტარიელ რუხაძემ მათ უთხრა, რომ მონასტერში ასევე უნდა შესულიყო აუდიტის სამსახურიც. გვილავას განცხადებით მათ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, თუმცა მონასტრის დალუქვას მიუღებლად მიიჩნევენ.

“ჩვენი აქედან [მონასტრიდან] გაყრა უნდათ, ჰგონიათ, რომ აქ რაღაც სასწაული კეთდება და ფულია. უნდათ ყველაფრის დალუქვა. რატომ უნდა დაილუქოს აქაურობა, როცა ხალხი მოდის, ათვალიერებს, პატივს ვცემთ ამ ხალხს, ყურადღებას ვაქცევთ მთელს სოფელს. მოვიდა ტარიელი, უნდა დავლუქოთ აქაურობა და აუდიტი შემოვიყვანოთო. თუ უნდათ აუდიტის შემოყვანა დალუქვა რა საჭიროა, ჩვენ ვუთხარით უარი და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ჩვენს გასაგიჟებლად აკეთებენ ამას, რომ დაფარონ დღევანდელი მოვლენები, რაც ხდება ქვეყანაში”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დანიელ გვილავამ.

ტარიელ რუხაძე კი ჟურნალისტებთან საუბრისას უარყოფს, რომ მონასტრის დალუქვა სურდა, თუმცა ადასტურებს, რომ მონასტერში ფინანსებთან დაკავშირებით შემოწმების ჩატარება სურთ:

“მათ არ უნდათ ფინანსების გადმობარება, არც ბუღალტერიაში ჩახედვა, არც ის უნდათ, არც ეს უნდათ და ახლა მე…”, – განაცხადა დეკანოზმა.

ტარიელ რუხაძის თქმით, მისი შემდეგი ნაბიჯები მიტროპოლიტ სტეფანეზეა დამოკიდებული.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა 19 სექტემბერს 7 სასულიერო პირი — ბერ-დიაკონი პეტრე ღუდუშაური, მონაზონი ათინოგენ მდივანი, მონაზონი დანიელ გვილავა, მონაზონი ამბროსი სხულუხია, მონაზონი დავით ხელაია, მონაზონი ბასილ გვილავა და მონაზონი მარკოზ წულაია — განკვეთა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანების თანახმად, ამ პირებს “ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში” მონაწილეობა ბრალდებათ და დაყვანილი არიან ერისკაცობამდე, ეკრძალებათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა და სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება. მათთან ერთად, გაგა ავალიანს და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალათ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში და სხვა საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საეკლესიო მიწების გამოყენება.

განკვეთილი სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ ცნობენ და ეკლესიის შიგნით მის გასაჩივრებას აპირებენ.

განკვეთილი ბერ-მონაზვნები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ ცნობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი