აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თითქმის 3-თვიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნდა.
ინფორმაციას მისი დაბრუნების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის “თავს კარგად გრძნობს”.
ანქვაბი კორონავირუსით ჯერ კიდევ გასული წლის 30 დეკემბერს დაინფიცირდა. მოგვიანებით, 4 იანვარს, აფხაზეთში კორონავირუსის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ, საიდანაც, საბოლოოდ, მოსკოვში გაემგზავრა სამკურნალოდ.
ალექსანდრე ანქვაბის მოვალეობებს, მისი რუსეთში ყოფნის დროს, დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვლადიმერ დელბა ასრულებდა.
ჯერჯერობით არ გამხდარა ცნობილი, დაუბრუნდა თუ არა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას ალექსანდრე ანქვაბი.