ახალი ამბები

შემთხვევების 49%-ში საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო ინსპექტორს ჩანაწერები არ მიაწოდა

1 აპრილი, 2021 •
შემთხვევების 49%-ში საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო ინსპექტორს ჩანაწერები არ მიაწოდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. უწყების განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში მათმა საგამოძიებო დეპარტამენტმა 236 სისხლის სამართლის საქმეზე 559-ჯერ გამოითხოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისგან.

ანგარიშის მიხედვით, ჩანაწერების 43% გამოთხოვილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან („112“), 32% – ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, 9% – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან, 9% – სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, 3% – შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, 3% – სხვა საჯარო დაწესებულებიდან, 1% კი- სასამართლოდან.

სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% კი – პოლიციის ავტომანქანას:

“შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სწორედ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მოწოდების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

ვიდეოჩანაწერთა მოუწოდებლობისას (მათ შორის, შესაბამისი უწყების მიერ დადგენილი შენახვის ვადების ფარგლებში), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინტერესდება მათი არარსებობის მიზეზით. ამ კუთხით ყველაზე ხშირად სახელდება ის, რომ ვიდეოჩანაწერი არ იძებნება ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე, თუმცა არის შემთხვევები, როცა მიზეზად მითითებულია შენახვის ვადის გასვლა”, — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოთა მიერ დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა პირის უსაფრთხოების დაცვა და მიიჩნევენ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, ასეთი ორგანოს თანამშრომლისგან შესაძლო ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეუფერხებლად მოეწოდებოდეს ვიდეოჩანაწერები, ხოლო მოუწოდებლობისას, შესაძლებელი იყოს მიზეზის დადგენა.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, სამართალდამცავმა ორგანომ ვიდეოთვალთვალის სისტემები ტექნიკურად ისე უნდა გამართოს, რომ შეუძლებელი გახდეს ჩანაწერთა შემთხვევითი ან განზრახ განადგურება.

“ვიდეოთვალთვალის სისტემებით მონაცემთა დამუშავების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული პრაქტიკა სამართალდამცავ ორგანოებში განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ იდენტურია თავად ვიდეოთვალთვალის მიზნები (დანაშაულის თავიდან აცილება; პირის უსაფრთხოება; საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან)”, — აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ ასევე განსხვავებულია ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემთა შენახვის ვადები, დაარქივების და ვიდეოსათვალთვალო სისტემათა ადმინისტრირების წესები, წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და უფლებები.

ანგარიშის მიხედვით, ჩანაწერთა შენახვის პერიოდი, როგორც წესი, დამოკიდებულია ვიდეოთვალთვალის მოწყობილობათა ტექნიკურ მახასიათებლებზე და არ შეესაბამება თავად პროცესის მიზნებს. კერძოდ, ინსპექტორის განცხადებით, ზოგჯერ ჩანაწერები ინახება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაზე მეტი დროით და ავტომატურად არ იშლება შენახვის ვადის გასვლისთანავე, ან პირიქით, ჩანაწერები არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გასული შენახვისთვის დადგენილი ვადა:

“ხშირად მკაცრად არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე. როგორც წესი, ერთი და იმავე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი და შეუძლებელია იდენტიფიცირება, ვის, როდის და რა მიზნით ჰქონდა წვდომა ჩამწერ მოწყობილობაზე” ,— აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, არ არის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომელთა მეშვეობითაც კამერების მწყობრიდან გამოსვლის კონკრეტული ფაქტები მყისიერად გახდება ცნობილი და თავიდან იქნება აცილებული ვიდეოჩანაწერთა განადგურება ან დაკარგვა:

“ხშირად, არ მიიღება ის ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებიც, რომლებითაც აღირიცხება ყველა მოქმედება ელექტრონულად არსებულ პერსონალურ მონაცემებზე (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, გამჟღავნება, წაშლა და სხვა)”, – აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

უწყების თქმით, ზემოაღნიშნული გარემოებები აფერხებს ან/და შეუძლებელს ხდის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერთა არარსებობის მიზეზების დადგენას. ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, სამართალდამცავ ორგანოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მისცა რეკომენდაციები და შესასრულებლად სავალდებულო დავალებები, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელიც ამ ეტაპისთვის ჯერ არ ამოწურულა.

ამასთან, ანგარშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ დაამტკიცა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული გეგმით, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მოწესრიგება, ასევე, ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებისა და შენახვის ვადების ნორმატიულ დონეზე დარეგულირება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება სამართალდამცავ ორგანოთა მიერ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ მტკიცებულებების მოპოვების პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი