ახალი ამბები

მელია: 1 ლარსაც არ გადავიხდი, ჩემს გათავისუფლებამდე რურუა სახლში უნდა იყოს

31 მარტი, 2021 •
მელია: 1 ლარსაც არ გადავიხდი, ჩემს გათავისუფლებამდე რურუა სახლში უნდა იყოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან განცხადებას ავრცელებს და “ყველა ენთუზიასტს”, უცხოელების ჩათვლით, სთხოვს, გამოსასყიდის გადახდის ინიციატივა დაივიწყოს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მომდევნო დღეებში უფრო ვრცლად გამოეხმაურება.

“გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.  სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია. დაბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო — თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება! ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ”, – წერს მელია.

ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. 30 მარტს, შეხვედრის მიმდინარეობისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მელიასთვის გირაოს გადახდას ევროკავშირის წარმომადგენლები აპირებდნენ. კერძოდ, ნეტგაზეთის ინფორმაციით, საუბარი იყო, რომ გირაოს ევროპარლამენტარების ჯგუფი გადაიხდიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი