“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების მიზანი “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე მსჯელობა იყო.
თუმცა, ჯაფარიძის თქმით, ზურაბიშვილმა რურუას შეწყალება არ გადაწყვიტა, რადგან ბიძინა ივანიშვილისგან მსგავსი მითითება არ ჰქონდა მიღებული.
“მეც ინფორმაცია მაქვს, რომ შეხვედრები ბატონ დანიელსონსა და ფაქტობრივ პრეზიდენტს შორის მაგ მიზანს ემსახურებოდა და მოლაპარაკებები მიდიოდა იმაზე, რომ იქნებ შეწყალება, როგორც ერთ-ერთი გზა, გამოყენებულიყო იმისთვის, რომ მომხდარიყო გიორგი რურუას გათავისუფლება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქალბატონმა ზურაბიშვილმა უარი თქვა ამ გზის გამოყენებაზე და მე არ მჯერა, რომ ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს მართლა სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია. როგორც ჩანს, მითითება იყო ასეთი, რომ ეს გზა არ გამოყენებულიყო, რაც, ჩემი აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ “ოცნება” არ იყო განწყობილი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო”, — განაცხადა ჯაფარიძემ “ფორმულასთან”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.
“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.