საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში — 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია. საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული”, – ნათქვამია გახარიას Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გახარია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს. 30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან… გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.