„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა მერაბ ლომინაძე, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი იყო.
რამდენიმე კვირით ადრე, 12 მარტს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნით, კომპანიასა და მთავრობას შორის შეთანხმების ფარგლებში, ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორი დაინიშნებოდა.
მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ ამით უფრო მეტი გარანტია შეიქმნება, რომ „იქ დასაქმებულთა უფლებები იყოს ბოლომდე დაცული და იყოს სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან“.
მერაბ ლომინაძის ახალ პოზიციაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ 30 მარტს კომპანია „ენკაში“ დაუდასტურეს.
ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).
ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 5 თვეა, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.
„რიონის ხეობის მცველების“ ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.
ამასთან, აქციის მოთხოვნებს 14 მარტს დაემატა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი მოთხოვნა გამოწვეულია ნათია თურნავას მიერ 12 მარტს „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებული შეხვედრის დატოვებით.
ვრცლად ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაზე გირჩევთ: