ახალი ამბები

ტიკარაძე: “ფაიზერით” ვაქცინაციის ცენტრებში ამცრელთა ჯგუფები დაემატება

30 მარტი, 2021 •
ტიკარაძე: “ფაიზერით” ვაქცინაციის ცენტრებში ამცრელთა ჯგუფები დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში მდებარე ვაქცინაციის ცენტრებში, სადაც “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაცია ხდება, ამცრელი ბრიგადები დაემატება და მათი სამუშაო ხანგრძლივობა გაიზრდება, რის შედეგადაც, 14 აპრილამდე ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს:

“ჩვენ წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ მოქალაქეები, თუმცა ეს გამოწვეული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნა მნიშნველოვნად გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული დამტკიცებული ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით ყოველ ჯერზე ვხსნით ორკვირიან მოდულს რიგების მართვისთვის.

ამ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება, 14 აპრილის ფარგლებში დაემატოს ადგილები. დღესდღეობით რეგისტრირებულია 14 097 ადამიანი, აქედან 10 ათასზე მეტი ფაიზერზე განხორციელებული ჯავშანია. თქვენ იცით, რომ “ფაიზერით” ვაქცინაცია ხდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამტელ ჰოსპიტალში, ბოკერიას კლინიკაში და კავკასიის ცენტრში. ამ კონკრეტულ დაწესებულებებში დაემატება ამცრელი ჯგუფები და გაიზრდება მათი სამუშაო ხანგრძლივობა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ჯავშნების გაკეთება” ,— ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” მიერ წარმოებული ვაქცინებით იმუნიზაცია არის ხელმისაწვდომი სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის და 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. 30 მარტის მონაცემებით, 5 700-ზე მეტი პირია აცრილი.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი