ახალი ამბები

ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ – დანიელსონი შეხვედრების შემდეგ

29 მარტი, 2021 • 1243
ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ – დანიელსონი შეხვედრების შემდეგ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ ხვალ, 30 მარტს, „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესახებ თავის  წინადადებას შეხვედრაზე მიიტანს.

მისივე თქმით, თავად პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისგმებლობა და ამგვარ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

დანიელსონი დღეს ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა:

„დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრები პარტიებთან, ყველა პარტიასთან შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, რომ მომეძიებინა გზები, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს  სხვა მხარეების ინტერესების მხედველობაში მიღებას. როგორც ამას ყოველთვის ვამბობდი, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან კომპრომისს. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ტექსტს მაგიდაზე დავდებდი.

მიზანი არის, რომ მომავლისთვის შეიქმნას მდგრადი ჩარჩო და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს იმის საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, იმისთვის, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი. და საბოლოოდ, ეს არის პარტიების პასუხიმსგებლობა. მათზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხიმსგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – აცხადებს დანიელსონი.

ის დასძენს, რომ ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის – „აჩვენონ მათი დემოკრატიული სიმწიფე“.

„თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. უპირველესად კი, ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი. ამიტომ დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“, – აცხადებს დანიელსონი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი მხარე რა პოზიციაზე იყო შეთანხმებების დროს, დანიელსონმა დეტალების გარეშე უპასუხა და თქვა, რომ მსგავს კომპრომისზე წასვლა ყველასთვის რთულია – „ ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი“.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.  როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.

გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.

17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი