„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი იქნება.
დღეს ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, ენმ-ს, რესპუბლიკურ პარტიას, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა ჰქონდათ.
„რაც ყველაზე მნიშველოვანია, როგორც ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტში, ამ დოკუმენტშიც ორივე საკითხი – პოლიტიკურ პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენებული ან როგორი მეთოდი იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი, რომ ვიცოდე, გეტყოდით სიამოვნებით“, – აცხადებს ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეხვედრების შემდეგ მედიაციის მხარე თავად გააკეთებს საჯარო განცხადებას სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუმცა ვაშაძე ასევე დასძენს, რომ „დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ“.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ, ამისთვის აუცილებელია საბოლოო ნაბიჯები – ან ხდება შეთანხმება, ან ვერა“, – ამატებს ის.
გვქონდა საფუძვლიანი საუბარი მელიასა და რურუას საქმეებზე – სამადაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.