ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, აშშ-ის სენატში ენმ-ის “ცრუ ნარატივებს” გაეცა პასუხი

27 მარტი, 2021 • 1066
მდინარაძის თქმით, აშშ-ის სენატში ენმ-ის “ცრუ ნარატივებს” გაეცა პასუხი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენისას “ნაციონალური მოძრაობის” “ცრუ ნარატივებს” გაეცა პასუხი. აღნიშნულზე მან “ქართული ოცნების” ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“პირველი, ეს იყო “ნაც. მოძრაობის” ცრუ ნარატივი, რომელიც შეეხება ბრჭყალებში პოლიტპატიმარ ნიკა მელიას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პასუხი იყო, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი და აქ ვერ ვისაუბრებთ პოლიტპატიმრობაზე.

მეორე ცრუ ნარატივი იყო გაყალბებული არჩევნები… სენატშიც გაისმა ციტირება ეუთო/ოდირის ანგარიშისა, სადაც საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული და არაერთი განცხადებით, როგორც სამართლიანი.”, — თქვა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, სენატში ასევე გაეცა პასუხი “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ “ცრუ ნარატივს”, რომლითაც მას ეჭვი შეაქვს “ქართული ოცნების” პროდასავლურობაში.

რა ითქვა სენატში?

გუშინ, 23 მარტს აშშ-ის სენატის რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხთან დაკავშრიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა და აღნიშნული ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მან ასევე თქვა, რომ მელიამ დაარღვია კანონი, როცა ელექტრონული სამაჯური მოიხსნა.

კენტის თქმით, საქართველოში მიმიდნარე პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია როგორც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, პოტენციურად ზრდის მის მოწყვლადობას რუსული გავლენების წინაშე.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნების პირველ ტურს, ჯორჯ კენტმა დასძინა:

“როგორც უკვე ითქვა, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანად შეფასდა ევროპის მიერ, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ხაზი მკაფიო არ იყო, რამაც პროცესის გარკვეულ ასპექტებში საზოგადოების რწმენა შეამცირა არჩევნების მიმართ.

ამავე მოსმენისას, ხსენებული კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის ჩატარების საჭიროებას და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ატარებენ და ყოველი დღე, როცა პარლამენტის სკამები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“.

“ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს საიმედო მექანიზმები უთანხმოებების მოგვარებისთვის, მექანიზმები, რომლებიც სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე მხარის მიერ”, — თქვა შაჰინმა

მასალების გადაბეჭდვის წესი