კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე “კულტურის პალატის” თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოქიტაშვილმა განაცხადა, ელისო ბოლქვაძე მზად არის ნებისმიერ ადამიანს შეხვდეს, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას განსხვავებული აზრი.
“მე მიხარია, რომ ქალბატონ ელისო ბოლქვაძესთან ძალიან საინტერესო გეგმების დაგეგმვა მოხდა. პირველი ის იქნება, რომ ქალბატონი ელისოს კარი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კარი იქნება ღია ნებისმიერი ადამიანისათვის, განსხვავებული აზრის მიუხედავად. იმიტომ, რომ ეს არის კულტურული დიპლომატია. რამდენადაც რთული მოსასმენი არ უნდა იყოს, ხელოვან ადამიანს უნდა მოუსმინო, იმიტომ, რომ ყველა ხელოვანი ადამიანი ფიქრობს სხვანაირად და ეს ვიღაცისთვის არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. მე მიხარია, რომ ქალბატონი ელისო მზად არის, ყველა ადამიანს შეხვდეს და გაესაუბროს” , -განაცხადა ოქიტაშვილმა.
პარლამენტმა 80 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე მიმდინარე წლის მარტში აირჩია.
კულტურის ცალკე კომიტეტი პარლამენტმა 16 მარტს შექმნა. მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ნაწილი იყო.
ასევე, ორ სამინისტროდ გაიყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი დაინიშნა.