Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორი უნდა იყოს კონფლიქტებზე ახალი სტრატეგია | ინტერვიუ ზაქარეიშვილთან

26 მარტი, 2021 •
როგორი უნდა იყოს კონფლიქტებზე ახალი სტრატეგია | ინტერვიუ ზაქარეიშვილთან

რატომ არ მუშაობს კონფლიქტების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია, როგორი უნდა იყოს ის და რა ტიპის დიალოგია საჭირო აფხაზებთან და ოსებთან, ამ და სხვა საკითხებზე კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბრობს.


შერიგების მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 25 მარტს პარლამენტში  კონფლიქტებთან დაკავშირებით  სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის გეგმაზე ისაუბრა. 2010 წლის სტრატეგიის შეცვლის საჭიროებაზე და ახალ მიდგომებზე თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, მათ შორის, თქვენს ახალ წიგნში. რატომ უნდა შეიცვალოს ეს დოკუმენტი? რატომ არ მუშაობს ის? 

მოგეხსენებათ, 2008 წლამდე ქვეყანაში არანაირი სახელმწიფო სტრატეგია არ არსებობდა კონფლიქტების მიმართულებით. როგორც ივლიანე ხაინდრავა ამბობდა, ეს იყო ღამისა და დღის სტრატეგია: ღამე ომი და დღისით – მშვიდობა. მუდმივი ესკალაცია, დაძაბულობა, ჩაშლილი ინიციატივები, რომლებიც საკმაოდ ბევრი იყო იმ დროს. ერთი სიტყვით, სრული ქაოსი იყო, მაგრამ დინამიკა არსებობდა. 

2008 წელს მოხდა ომი და უკვე 2010 წელს მიიღეს სტრატეგია, რომელშიც გამოიკვეთა ხედვები. სხვათა შორის, მეც ვმონაწილეობდი მის შემუშავებაში. პროცესში, ასევე, ჩართული იყვნენ სხვა ოპონენტები, ვინც აკრიტიკებდა მაშინ ხელისუფლებას. ბევრი ჩვენი შენიშვნა გათვალისწინებული იყო. საბოლოოდ მივიღეთ არაფრის მთქმელი დოკუმენტი. აშკარად ჩანდა, რომ თვითმფრინავი, რომელიც დავხატეთ, იყო ქაღალდის და ცაში ვერასოდეს აფრინდებოდა. 

თავიდანვე იცოდით, რომ ეს სტრატეგია არ იმუშავებდა?  

მუშაობის პროცესში გვქონდა ენთუზიაზმი და იმედები, მაგრამ როდესაც გამოქვეყნდა საბოლოო დოკუმენტი, აშკარა გახდა, რომ ის ვერ იმუშავებდა. ეს იყო კარგი სურვილების სადღეგრძელო. 

2012 წელს, როდესაც სახელმწიფო მოხელე გავხდი, უკვე შეიძლებოდა იმ მკვდარი ნორმების ამუშავება, რაც ჩადებული იყო ამ დოკუმენტში, ასეთი იყო, მაგალითად, სამედიცინო კუთხით ჩართულობა. იგივე, ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ჩადებული იყო ამ კონცეფციაში და რომელმაც შემდეგ არ იმუშავა ეფექტურად. 

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სტრატეგიის შეცვლის მიმართულებით დავიწყე მუშაობა. 2014 წლის ივნისში ჩემი ხედვა წარმოვადგინე, როგორ ვხედავდი რიგ საკითხებს, მათ შორის ჟენევის ფორმატის გადახედვაზე, გაეროში დევნილების დაბრუნების საკითხზე რეზოლუციაზე და ა.შ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არავინ იყო დაინტერესებული “ქართული ოცნების” კოალიციის შიგნითაც და ბლოკავდნენ კიდეც ჩემს ინიციატივებს. 

ვინ იყვნენ ის ადამიანები “ქართულ ოცნებაში”, ვინც ბლოკავდა?

დაახლოებით ვიცი, ვინ არიან ეს პოლიტიკოსები, თუმცა რთულია ვამტკიცო – მტკიცებულებებია საჭირო. ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” შიგნით იყო ეს წინააღმდეგობა. ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არსებითად შეგვეცვალა კონცეფცია და პირდაპირი კონტაქტები გვქონოდა აფხაზებთან და ოსებთან და მათთან მოლაპარაკებებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით, გარკვეული პოზიცია წამოგვეწია.

მე გულწრფელად გამიხარდა თეა ახვლედიანის მცდელობა, რომ გადახედონ ამ კონცეფციას. თუმცა ის მუდივად აჟღერებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას – ანუ იმას, რომ კონფლიქტი არის ერთი – რუსეთთან. 

თუმცა შერიგების სამინისტრო დიალოგის საჭიროებაზეც საუბრობს

უკანასკნელ გამოსვლაში ქალბატონმა თეამ თქვა, რომ “მცდარია მოსაზრება, რომ არ გვაქვს კონტაქტები აფხაზებთან” [რაც აშკარად ჩვენი მიმართვის პასუხი იყო]. სინამდვილში, ეს არ არის მცდარი, მართალია, რომ არ აქვთ კონტაქტები აფხაზებთან. თუ ვინმე დღეს აფხაზურ-ქართულ კონფლიქტს იცნობს აფხაზეთში, სერგეი შამბაა [ყოფილი დე ფაქტო საგარეო მინისტრი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი] და ის ჯიუტად გაიძახის, რომ ჩვენ გვჭირდება ქართველებთან მოლაპარაკება. და თუ შამბას არ ელაპარაკები, მაშინ ვის ელაპარაკები? შამბა როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებითაც საუბრობს ამ საჭიროებაზე. 

ყოველდღიური კონტაქტები გვაქვს აფხაზებთან და კარგად ვიცით, რა კომუნიკაციაა.

ამჟამად თქვენ გაქვთ კონტაქტები, მათ შორის შამბასთან? 

შამბასთან ამჟამად ნამდვილად არ მაქვს, თუმცა მაქვს საკმაოდ მრავალრიცხოვანი კონტაქტები. ახლაც, ამ ჩვენი საუბრის შემდეგ, ერთ-ერთ აფხაზურ ჯგუფთან შეხვედრა მეწყება. 

რა საკითხებზე?

ძალიან ბევრი საკითხია, მაგალითად, აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში, რა პრობლემებია, მათ შორის პოლიტიკური. ამჟამად აინტერესებთ გახარიას გამოჩენა პოლიტიკაში. ამ ინტერესიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ის, თუ რა ხდება ჩვენთან.

ვინ არიან ეს ადამიანები, აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წევრები თუ პოლიტიკოსები?

უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა უფრო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ჩვენთან. 

როგორი განწყობებია აფხაზურ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ახმიანებენ პირად საუბრებში? ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ვეტერანტთა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა” ქართულ მხარესთან ყველა კომუნიკაციის თუ შესაძლო ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის და მხარდაჭერითაც სარგებლობს.

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია “აიდგილარას” მნიშვნელოვანი წერილი გამოქვეყნდა, სადაც მოუწოდებენ პოლიტიკოსებს შერიგების, ამნისტიისა და კონსოლიდაციისკენ. ეს ორგანიზაციაც კი გვერდში ამოუდგა ბჟანიას და ჩათვალა, რომ არ არის ახლა კინკლაობის დრო. ხალხი, რომელიც გამოდის ქუჩაში, ვერ ვიტყოდი, რომ უმრავლესობაშია. “არუაა” ხელისუფლებასძირითადად აკრიტიკებს ქართული თემების გამო. 

იგივე, გავიხსენოთ ბენურ კვირაიას [ბჟანიას ყოფილი თანაშემწე] გამოსვლა, რომელსაც არ შეეშინდა ქართველებთან თანამშრომლობაზე აზრის გამოთქმის. ის აფინანსებდა ბჟანიას საარჩევნოდ და ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია აფხაზეთში, რომლის მიმართაც ბევრია კეთილგანწყობილი იქ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, აფხაზური საზოგადოება არ არის ცალსახად ანტიქართული. 

ქართული მხარე ამბობს, რომ აფხაზურ მხარესთან, ანუ პოლიტიკოსებთან არ აპირებს პოლიტიკაზე დიალოგს

დიახ, ქალბატონი თეა ამბობს, რომ მხოლოდ დეპოლიტიზებულ თემებზე ისაუბრებს აფხაზებთან და უკვე მერამდენჯერ იმეორებს ამ ფრაზას მანტრასავით. შამბაც, ანქვაბიც, ბჟანიაც ამბობენ, მოდით, პოლიტიკურ თემებზე ვილაპარაკოთ. შენ ეუბნები, მოდი, ვილაპარაკოთ, ოღონდ არა პოლიტიკურ თემებზე. აბა, რაზე უნდა ელაპარაკო? აღიარების გარეშეც უამრავი საკითხის მოგვარება შეიძლება.

ამ სამინისტროს [შერიგების სამინისტრი] თემები არ უნდა იყოს დეოკუპაცია და არაღიარება. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თემებია. ამ სამინისტროს საქმე უნდა იყოს აფხაზებისა და ოსების პრობლემების შესწავლა და მათ ინტერესებზე მუშაობა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ კონცეფციაში განისაზღვრება ისიც, თუ რა შინაარსისაა კონფლიქტები.

ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ახალი სტრატეგიაც ისეთივე არაეფექტური იქნება, როგორც 2010 წლის სტრატეგია? 

წინასწარ თქმა ძნელია, მაგრამ განცდა მაქვს, რომ კიდევ უფრო “გამოშიგნული” იქნება. მეშინია, რომ ეს იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტი და არა – შერიგების სამინისტროს. გამიხარდება, თუ დღევანდელ მინისტრს მაინც გამოუვა ის, რაც არ გამომივიდა მე. ისიც მაინტერესებს გავიგოთ, რა უნდა დღევანდელ “ქართული ოცნებას” კონფლიქტებთან დაკავშირებით. 

როგორი იქნებოდა ოპტიმალური და ცოცხალი სტრატეგია, თქვენი ხედვით? 

მაქსიმალურად აფხაზურ და ოს საზოგადოებას მორგებული; იმაზე, თუ რა აწუხებთ, რა შიშები და რა მოლოდინები აქვთ. როგორ შეიძლება საქართველომ მათი ინტერესები გაითვალისწინოს ისე, რომ მოიზიდოს და შემოიყვანოს ქართულ რეალობაში. მათი თემები უნდა ვაქციოთ ჩვენს თემებად და ამის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული სახელმწიფო, ისინი კი არა. ჩვენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში ვართ. 

აქ ორი ხელშეუხებელი თემა არსებობს მხოლოდ: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ყველას ესმის აფხაზეთში, განსაკუთრებით ყირიმის შემდეგ, რომ არანაირი რეალური დამოუკიდებლობა მათ არ ექნებათ. რუსეთი ამ უნიკალურ ადგილს, რომელიც არის შავი ზღვისპირეთი [მით უმეტეს, NATO-ს კონტექსტიდან გამომდინარე], ხელიდან არ გაუშვებს. 

ჩვენთან დღეს უფრო მეტად საუბრობენ არაღიარებაზე [და ეს კარგია], ვიდრე ანექსიის არდაშვებაზე. ანტიანექსიური პოლიტიკა პრატიკულად არ გაგვაჩნია. მთელი ეს ახალი კონცეფცია სწორედ ანტიანექსიური უნდა იყოს. ამავე დროს, უნდა გააანალიზონ ის ძალიან მნიშვნელოვანი 45 -პუნქტიანი დოკუმენტი, რომელსაც სოხუმსა და მოსკოვს შორის 12 ნოემბერს ხელი მოეწერა.

პუტინი თვეების განმავლობაში არ ხვდებოდა ბჟანიას [ბჟანია რამდენჯერმე ჩასული იყო მოსკოვში]. 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან  [ყარაბაღის ომის დასრულება] სამ დღეში კი, კავკასიაში სრული ქაოსის პირობებში, პუტინმა დრო იპოვა ბჟანიასთვის და ბევრად ადრე მომზადებულ დოკუმენტს ხელი მოეწერა. ეს შემთხვევითი არ არის. 

კარგად ჩანს, როგორ მუშაობს რუსეთი სამხრეთ კავკასიის მიერთების მიმართულებით და საერთოდ არ ჩანს, როგორ მუშაობს საქართველო. ამ კონცეფციით მაინც უნდა იყოს პასუხი იმ დოკუმენტზე, რას სთავაზობს თბილისი აფხაზებს ისეთს, რასაც ვერ შესთავაზებს მოსკოვი ვერასდროს. რუსეთი სთავაზობს მხოლოდ ანექსიას, ჯარებს, ბაზებს და საკუთარ ინტერესებს. საქართველოს შეუძლია მათ შესთავაზოს  მათი დაცვის ინტერესები. აფხაზებისთვის უამრავი ასეთი მნიშვნელოვანი თემაა, უძრავი ქონებისა და მიწების გასხვისების საკითხების ჩათვლით. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი