ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ვიყავი, კიდევ წავალ” – ბჟანიას ყოფილი თანაშემწე

2 მარტი, 2021 • 1936
“საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ვიყავი, კიდევ წავალ” – ბჟანიას ყოფილი თანაშემწე

ასლან ბჟანიას უკვე ყოფილი თანაშემწე ბენურ კვირაია “სპუტნიკ-აფხაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ  “საკუთარი ნებით, ბჟანიას დავალების გარეშე, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდა და მომავალშიც აპირებს იმავე მიზნით გამგზავრებას”.

“მე შემიძლია პასუხი ვაგო ჩემს ყველა სიტყვასა და მოქმედებაზე. მე ვხელმძღვანელობდი კომერციულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას – შპს სკურჩას [მდებარეობს ოჩამჩირეში]. საქართველოში არ ვყოფილვარ პრეზიდენტის მითითების გამო. 18 თებერვალს მე მისგან ვითხოვე ნებართვა, მაგრამ მან მითხრა, რომ სანამ პრეზიდენტის თანამშემწე ვიყავი, ვერ წავიდოდი საქართველოში. 19 თებერვალს მე დავტოვე დაკავებული თანამდებობა.

ჩავედი საქართველოში და კიდევ ჩავალ. ეს იყო ჩემი კერძო ვიზიტი. საქართველოში ვიმყოფებოდი, რათა მომეზიდა დიდი ინვესტიციები ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა, რომ ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, რომ ბევრი ფული მოვუტანო აფხაზეთსა და, შესაბამისად, ჩვენს ხალხს. მე მებრძოლი ვარ, 1989 წლიდან ვიმყოფებოდი აფხაზეთის გათავისუფლების მოძრაობაში და ვმონაწილეობდი პრაქტიკულად ყველა ოპერაციაში. ომის შემდეგ მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ ავაღორძინო ჩემი სამშობლო”, – განაცხადა კვირაიამ აფხაზურ სპუტნიკთან საუბრისას.

კვირაიას ინტერვიუმდე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ იგი თანამდებობიდან 19 თებერვალს გათავისუფლდა.

კვირაია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 25 თებერვალს ჩამოვიდა.

სოხუმში ოპოზიციური მოძრაობა “არუაამ” დღეს, 2 მარტს, აქცია გამართა ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო.

აქციის დაანონსებამდე “აფხაზურმა ეროვნულმა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომლის შესაბამისად, ეკონომიკის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ბენურ კვირაია და მისი ორი თანმხლები პირი ქართულ მხარეს იმყოფებოდნენ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კვირაია გულითად ქართველ მეგობარზე საუბრობს, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ასევე, იმის შესახებ, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო.

“ჯერ კიდევ წინაასარჩევნო კამპანიის დროიდან, ბატონი ბჟანია ცდილობს, საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი გზა საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგია. კულისებს მიღმა მოლაპარაკებები, ანონიმური ვიზიტი ქართველი პოლიტიკოსებისა აფხაზეთში ბჟანიას სხვა მრჩევლის დახმარებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მრავალრიცხოვანი განცხადებები და ინტერვიუები, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ხალხისგან მალულად იყო მიიღებული, ერთი ჯაჭვის ნაწილია. აღარ არსებობს ეჭვები იმაზე, რომ ეს ეროვნული ინტერესების პირდაპირი გაწირვაა”, – ნათქვამია განცხადებაში.


სკურჩა ოჩამჩირის რაიონში მდებარე ღია ტბაა, რომელიც არხით შავ ზღვას უკავშირდება. ტბაში პორტის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში გაჩნდა, თუმცა მისი დანგრევის გამო იდეა ვერ განხორციელდა.

მოგვიანებით, 2000-იანი წლებიდან, აფხაზურ საზოგადოებაში პერიოდულად აქტიურდება ტბაზე საკონტეინერო, ლოჯისტიკური პორტის მშენებლობისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა, რომელიც, იდეის მხარდამჭერების აზრით, აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი