ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტებთან მიმართებაში ქართული მხარე სტრატეგიის გადახედვას გეგმავს

24 მარტი, 2021 • 891
კონფლიქტებთან მიმართებაში ქართული მხარე სტრატეგიის გადახედვას გეგმავს

“ჩვენ ვგეგმავთ გავააქტიუროთ ჩართულობის სახელმწიფო კომისიის საქმიანობა და დავიწყოთ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის პროცესი”, – განაცხადა შერიგების მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე პარლამენტში.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, მთავრობის სამომავლო გეგმები მოიცავს დეზინფორმაციასთან ბრძოლის გააქტიურებას იმისთვის, რომ ნდობის აღდგენის პროექტების პარალელურად, თბილისი ეფექტურად დაუპირისპირდეს ადგილზე პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს „მტრის ხატის“ შენარჩუნებას და გაუცხოების ხელოვნურად გაზრდას.

“აღნიშნული ასევე მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და ეფექტიან მუშაობას. მიმდინარე კონფლიქტის და ყოველდღიური გამოწვევების მიუხედავად, ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას, როგორც მის განუყოფელ ნაწილს, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ არსებული ვითარება არ შედის გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ინტერესებში”, – განაცხადა ახვლედიანმა.


კონფლიქტებთან დაკავშირებით ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ საქართველოს მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა [DRI] რამდენიმე დღის წინ ღია განცხადებით მიმართა. 

ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევდა ხელისუფლებას, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც “გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთი მხრივ, აფხაზეთში და, მეორე მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; დაუპირისპირდება როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი