ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

14 დეკემბერი, 2020 • 2335
რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

მიმდინარე წლის ნომბრის თვეში დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამას. აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის მიღებულ შეთანხმებას თბილისში აფასებენ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობად. რას ნიშნავს ეს შეთანხმება და როგორ უნდა უპასუხოს მას ქართულმა მხარემ?

რა ხდება 

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდა, 11 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერეს ერთობლივი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ამოქმედების პროგრამას, რომლის მიხედვითაც აფხაზურმა მხარემ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საკუთარი საკანონმდებლო ნორმები მაქსიმალურად უნდა დაუახლოოს რუსულს.

მოგვიანებით, ასლან ბჟანიამ სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მათ განიხილეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთგვარი კავშირის შექმნის შესაძლებლობები.

“პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სიტუაცია ევრაზიის კონტინენტზე და, ზოგადად, მსოფლიოში ვითარდება იმ მიმართულებით, რომ საჭიროა [რუსეთის] განსაკუთრებული ურთიერთობები ბელარუსთან, აფხაზეთთან, მათთან, ვინც ჩვენ [რუსეთს] ახლობლად გვთვლიან. გლობალური პროცესები განვითარდება და, ცხადია, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ჯგუფი, თუ ამის სურვილი მათ მოქალაქეებს ექნებათ, ერთგვარ კავშირს შექმნიან. და ჩვენ [აფხაზეთი], თუ ჩვენი მოქალაქეები არ იქნებიან წინააღდეგი, ამაზე ვიფიქრებთ. როგორც ჩანს, ყველაფერი ამგვარად მიდის და მე ამაში რისკებს ვერ ვხედავ, თუ პროცესები სწორად წარიმართება”, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ბჟანიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზეც.

შეთანხმებაზე ხელს აწერენ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი და რუსეთის მხარის წარმომადგენლები. დოკუმენტზე ხელმოწერის თარიღიდან ირკვევა, რომ ის მოსკოვში, ასლან ბჟანიას ვიზიტის დროს გაფორმდა.

ოფიციალური თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ქმედებებს უკანონოს უწოდებს. ეუთოს 27-ე მინისტერიალის შედეგების შეფასებისას, იგი ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციის მიერ რუსეთის ქმედებები ფაქტობრივ ანექსიადაა მიჩნეული.

“ეუთოს 15 წევრი ქვეყნის საერთო განცხადებაში ახალი ელემენტი გახლავთ დაგმობა იმ ე.წ. სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის, რომელიც ცოტა ხნის წინ გაფორმდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. ეს პროცესი შეფასებულია, როგორც ფაქტობრივი ანექსია. ეს არის ძალიან მკაფიო და მძაფრი, რომელიც პირველად მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა

“ჩვენს ბოლო შეხვედრაზე 27 ნოემბერს, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავიდოდით, მე ეს საკითხი ჩემი ინიციატივით წამოვწიე. ჩვენი ფორმატი ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ თემებს განიხილავს, თუმცა ამჯერადაც შევეხე ყველაზე მწვავე საკითხებს, მათ შორის აფხაზეთისა და რუსეთის სოციო-ეკონომიკური სივრცის შექმნის თემასაც”, – ამბობს გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების ფორმატში – ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე/საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების ფორმატში

მისი თქმით, რუსეთის ქმედება არის საერთაშორისო სამართლის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა.

“თუმცა, მოგეხსენებათ, მათი [რუსეთის] ხედვა სხვა არის. ჩვენი პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია, ისინი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევენ, ამიტომ თვლიან, რომ ამდაგვარი ხელშეკრულებების გაფორმება სრულიად კანონიერია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

შეკითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს სახელმწიფო, აბაშიძე პასუხობს, რომ აუცილებელია თემის საერთაშორისო დონეზე აქტუალიზება და განხილვა.

“ჟენევის მოლაპარაკებებზე ეს თემა განიხილება, იქ [მოლაპარაკებებზე] არიან გაერო, ევროკავშირი, ეუთო, როგორც თანათავმჯდომარეები. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბერკეტებისა და დიპლომატიური არხების მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რათა მოხდეს ამ თემის კიდევ უფრო აქტუალიზაცია და ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება”, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის შემუშავებული პროგრამა ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად ფასდება.

“საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე

დე ფაქტო აფხაზეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2016-2018 წლებში აფხაზეთის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების მინიმუმ ნახევარი რუსეთის ფედერაციის ტრანსფერი გახლდათ.

მაგალითად: დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტი 2016 წელს შეადგენდა 10 071.9 მილიონ რუსულ რუბლს, აქედან 5 265.1 მილიონი გახლდათ რუსული ტრანსფერით მიღებული ფული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 52.27%-ია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რუსული ტრანსფერი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხმარდება.

2016-2018 წლებში რუსული ტრანსფერი მთლიანი ბიუჯეტის ნახევარს შეადგენდა/დე ფაქტო აფხაზეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური

“2008 წლიდან მოყოლებული დამკვიდრდა ტენდენცია, რომ აფხაზეთის ბიუჯეტის 50-დან 60 პროცენტამდე ივსება რუსეთის ფედერაციის მიერ. შედარებისთვის, სამხრეთ ოსეთისთვის ეს არის საშუალოდ 85-დან 99 პროცენტამდე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას პარტია ლელოს წევრი და ექსპერტი მშვიდობის მშენებლობის საკითხებში გიორგი კანაშვილი.

კანაშვილის განცხადებით, 2015 წლიდან აფხაზეთის საბიუჯეტო დაფინანსება რუსეთის მხრიდან მცირდება, რაც ძირითადად განპირობებულია უკრაინასა და სირიაში ომებითა და ეკონომიკური კრიზისით.

“რუსები არ არიან კმაყოფილი აფხაზების მუშაობითაც, პირველი ეს ეხება იმას, რომ რუსებს ჯერ კიდევ არ აქვთ უფლება აფხაზეთში ჰქონდეთ საკუთრება”, – ამბობს კანაშვილი.

სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე აფხაზეთში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელმაც წინ წამოწია აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების შეძენის შეუძლებლობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაიჭრებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ აფხაზეთში საკუთრების შეძენის უფლება.

“აფხაზეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორიც უპირველესად რუსეთის ფედერაციაა, ასევე ,საქართველო და თურქეთიც. სხვადასხვა დროს აქტიურდებოდა ენგურის გასწვრივ ვაჭრობის ლეგალიზებაზე საუბარი, თუმცა პროცესები წინ ვერ წავიდა”, – აცხადებს კანაშვილი.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური საიტის მიხედვით, აფხაზეთში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში გადის, მათ შორის: ციტრუსი, თხილი, ღვინო და სხვა.

აფხაზეთის შემოსავლების კიდევ ერთი წყაროა რუსული ტურისტული ნაკადები.

კანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი უკვე საკმაოდ დამოკიდებულია რუსეთზე მათ შორის ეკონომიკური კუთხით, აფხაზებს მაინც აქვთ შიშები, რომ რუსეთის უფრო დიდი გავლენის ქვეშ მოექცევიან, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ ახერხებენ რეალურად მოქმედი სახელმწიფო სისტემის შექმნას.

გიორგი კანაშვილი კავკასიურ სახლში. 21.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“იმ შიშებს, რომელიც აფხაზებს გააჩნიათ რუსების მიმართ, ვერანაირი ეკონომიკური შეთანხმება ვერ მოაგვარებს. დღეს სოხუმში ბინის შეძენა შესაძლებელია 10 000 ევროს ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთრების შეძენა, მაშინ აფხაზეთს ისინი ერთ თვეში იყიდდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამ კუთხით დაკარგავენ იმას, რისთვისაც იბრძოდნენ.”

“ჯერჯერობით აფხაზები ვერ ახერხებენ მათი ე.წ. სახელმწიფოს სწორად მართვას, აქვთ კრიმინალი, დემოგრაფიული სურათი არის სავალალო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობენ, რომ მოსახლეობა იზრდება. ეს მდგომარეობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. რუსეთი არ არის საქველმოქმედო ფონდი. ისინი ფულს უგზავნიან კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, “, – მიაჩნია კანაშვილს.

მისივე განცხადებით, აფხაზეთში ჩამოყალიბდა პარაზიტული სისტემა, რომელიც დამოკიდებულია რუსულ ფინანსებზე. ამავდროულად, ვერ ხერხდება ადგილობრივ დონეზე კანონის უზენაესობის დამკვიდრება და კორუფციის განადგურება.

რუსული ანექსიის პოლიტიკა და მაგალითები 

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ანექსიის ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაა.

იმავე წელს უკრაინაში, საპროტესტო აქციებისა და შედეგად ხელისუფლების ცვლილების პარალელურად, რუსეთმა საკუთარი არაფორმალური ძალები შეიყვანა ყირიმში, მოგვიანებით კი რეფერენდუმის საფუძველზე, ნახევარკუნძული ფედერაციულ ერთეულად გამოაცხადა.

68/262-ე რეზოლუციით, გაერომ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ რეფერენდუმი, რომელიც მხარს უჭერდა ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთთან მიერთებას, არალეგიტიმური იყო.

“სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სტრატეგიული შეთანხმებების გაფორმება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ჩემთვის ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკა. ეს შეთანხმებები გულისხმობს იმას, რომ რუსეთმა სამართლებრივად შეითავსოს ის ფუნქციები, რასაც ეს რეჟიმები ახორციელებენ. სოხუმმა მაშინ შეძლო მეტ-ნაკლებად შეეცვალა შეთანხმება, ცხინვალმა კი – ვერა”, – აცხადებს რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი.

 

გიორგი ბილანიშვილი Ⓒ International Centre for Geopolitical Studies (ICGS)

გიორგი ბილანიშვილი Ⓒ International Centre for Geopolitical Studies (ICGS)

რუსეთის ფედერაციასა და  დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული სტრატეგიული შეთანხმებები ითვალისწინებს სამხედრო პარტნიორობას, საზღვრის კონტროლს, ფინანსურ მხარდაჭერასა და დიპლომატიურ ლობირებას აღიარების კუთხით.

ცხინვალის რეგიონში 2017 წელს ჩატარდა რიგით მესამე რეფერენდუმი, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის მცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.

მკვლევრის თქმით, რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენები ორი გზით გაზარდოს- პირდაპირი ანექსიის, ან ორგანიზაციული ინტეგრაციის გზით.

“თუ დავაკვირდებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გამოკვეთილ რეალობას და ვნახავთ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, ძალიან ხშირად საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ რაღაც ორგანიზაციული ფორმით უნდა გააერთიანოს აფხაზეთი, ცხინვალი, დნესტრისპირეთი, დონბასი და ახლა უკვე ყარაბაღიც. მეორე მიმართულებაა უშუალოდ ანექსია, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის. ეს პოლიტიკა 2014 წლიდან გამოიკვეთა და დღესაც აქტუალურია რუსეთისთვის”, – ამბობს ბილანიშვილი.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის 

გიორგი ბილანიშვილის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გააჩნია საქართველოს განზომილებაც და ის შესაძლოა გულისხმობდეს საკომპენსაციო/დასაბალანსებელ ინიციატივებს თბილისის მიმართ.

“ეს რაც ხდება, მხოლოდ იმიტომ არ ეხება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, რომ ეს ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ, ეს ეხება რუსეთის ინიციატივებს დანარჩენი საქართველოსთვისაც [თბილისისთვის]. ეს შეიძლება იყოს მაღალ დონეზე პირდაპირი დიალოგის აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის, რათა რუსეთმა კიდევ ერთი ბერკეტი მოიპოვოს საქართველოზე და დასავლეთის აჩვენოს, რომ საქართველომ ოკუპაცია “გადაიაზრა”, ხოლო ის სამშვიდობო ფორმატები, რომლებიც ახლა არსებობს, სადაც დასავლეთიცაა ჩართული, უფუნქციოა; და მეორე არის სატრანსპორტო დერეფნების საკითხი. რუსეთი ცდილობს დაიწყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სატვირთო გადაზიდვები”, – აცხადებს მკვლევარი.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული შეთანხმებები “უნდა დაიგმოს და საკითხზე დისკუსიები არ უნდა გაგრძელდეს.”

“ნებისმიერი სხვა შეფასება გადადის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაში. არ უნდა გადავამლაშოთ მათ შორის უარყოფით შეფასებებში, უნდა დაიგმოს და დაისვას წერტილი. საქართველომ არ უნდა შეუწყოს ხელი დისკუსიების დაწყებას, ან ვინმეს მიერ ამ მოვლენების უფრო მეტად სერიოზულად განხილვას. როგორც კი საკითხი ჩნდება დღის წესრიგში განსახილველად, შემდეგ ჩნდება აზრები, რა უფრო ჯობდა. აქ არ არსებობს, რა იქნებოდა უფრო სწორი, ამიტომ უნდა დაიგმოს და მორჩა”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

“მათი ყველა ნაბიჯი არის უკანონო, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვთქვათ, რომ ეს არის უკანონო. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საჯარო დისკუსიებში, ამ თემებზე საუბარი, პირიქით, აყენებს პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხს”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ამ ყოველივეზე არ ილაპარაკებს მათ შორის საერთაშორისო არენაზე, მაშინ ხომ არ შეუწყობს ხელს ანექსიური პროცესების დაჩქარებას, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიას ვერ მოახდენს.

“თეორიულად შესაძლოა ყველაფერი განვიხილოთ, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, მაგრამ რუსეთის მიერ ამ სივრცეების ანექსია ნიშნავს მათ მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის წაღებას და იმ ერთადერთი არგუმენტის გაუქმებას, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, რომ იგი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ერებს ეხმარება”, – ამბობს ხიდაშელი.

 

ნეტგაზეთმა თინა ხიდაშელს ჰკითხა, რა შეიძლება იყოს ქართული მხარის ნაბიჯები, მაშინ, როდესაც მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აღნიშნულ რეგიონებში კიდევ უფრო იზრდება რუსული გავლენები.

“ამ დროს გავლენების ზრდა ხდება ორი გზით: პირველი, ის გზა, რაც ალიევმა გამოიყენა, თუმცა იმედი მაქვს ამას არ ვგეგმავთ, და მეორე – რასაც ჩვენ თვითონ ვაკეთებდით 2006-2007 წლებში, რაც არის აგრესიული ჰუმანიტარული პოლიტიკა. ამ დროს მეორე მხარეს თავს ახვევ შენს სიკეთეებს. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მათ შორის საქართველომ აგვისტოს ომამდე ამ პოლიტიკით შეძლო პრაქტიკულად კონფლიქტის დასრულება, პრობლემად რჩებოდა პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროისთვის დანარჩენ საქართველოში ინტეგრირებული იყო. ეს იყო საფრთხე რუსეთისთვის, რაც დაინახეს და რაც იყო მიზეზი ომისა”, – ამბობს ხიდაშელი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ “ალიევის გზაც” და აგრესიული ჰუმანიტარული პოლიტიკაც ომით სრულდება, რა გამოსავალი არსებობს, ხიდაშელი პასუხობს, რომ პოლიტიკის განხორციელებისთვის მთავარია დროის სწორად შერჩევა.

“ეს [სამხედრო კონფლიქტი] მოხდა 2008-ში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ცხოვრების წესია და კვლავ განმეორდება. აგრესიული ჰუმანიტარული პოლიტიკა შედეგს გაძლევს, როდესაც დროც სწორადაა შერჩეული. საერთაშორისო ურთიერთობებში აღნიშნული ხდება მაშინ, როდესაც “ვიღაცას არ სცალია”. ამიტომ სწორად უნდა დროსაც და ქმედებასაც შერჩევა”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.


რუსეთის ფედერაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და და სირიის არაბული რესპუბლიკა. ვანიატუმ და ტუვალუმ საკუთარი აღიარებები უკანვე გაიწვიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი