ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი მზადაა დიალოგისთვის და თბილისი – არა| მინისტრი

23 მარტი, 2021 •
მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი მზადაა დიალოგისთვის და თბილისი – არა| მინისტრი

“ეს არის მცდარი. უმაღლეს დონეზე მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და ზუსტად იმავე გზით, არაერთხელ გავეცით პასუხი, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამ დიალოგისთვის დეპოლიტიზებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა, შერიგების მინისტრმა, დღეს, 23 მარტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე პარლამენტში.

“ეს გაცხადდა მრავალჯერ როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემ მიერ, ასევე სხვა კოლეგების მიერ არაერთხელ საჯაროდ. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი.

გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა მათ შედეგი არ მოჰყოლია. ნამდვილად მექნებოდა სურვილი, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებაში თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მაინც მოიხსნას ეს საკითხი. შევხვდეთ და დახურულ ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხები.

ამ ეტაპზე, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ხელს უშლის დიალოგს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ კონკრეტული გზებით განვიხილოთ, როგორ შეიძლება ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად.“

თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე [მათ შორის, ოფიციალური ვაჭრობის კუთხით] არაერთხელ უსაუბრია აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა ყველა მსგავსი განცხადება თუ მოსაზრება პროქართულ პოლიტიკად ფასდება აფხაზური ოპოზიციური ძალების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი