ახალი ამბები

“მოქალაქეები” საპენსიო სესხებზე პარლამენტში მოსმენის გამართვას ითხოვენ

24 მარტი, 2021 • 840
“მოქალაქეები” საპენსიო სესხებზე პარლამენტში მოსმენის გამართვას ითხოვენ

პარტია “მოქალაქეები” საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო მოსმენის გამართვას ითხოვს.

პარტიის ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ლიბერთი ბანკში” პენსიონერების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით პარლამენტში ითხოვენ საგანგებო მოსმენისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის და “ლიბერთი ბანკის” ხელმძღვანელების მოწვევას:

“ბანკის დავალიანება აქვს პენსიონერების თითქმის ნახევარს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამიტომაც, ჩვენ, პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლებმა, მივმართეთ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და ვითხოვთ, რომ პენსიონერებისთვის ამ აუხსნელად დიდ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით დაინიშნოს საგანგებო სხდომა.

მოსმენა, სადაც მოვლენ პასუხისმგებელი პირები – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობა და ასევე, „ლიბერთი“ ბანკის ხელმძღვანელები. ჩვენ გვაქვს უამრავი შეკითხვა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლოდ საძარცვავად, გაბერილი პროცენტი ჩვენი საზოგადოების ყველზე დაუცველი მოსახლეობისთვის, პენსიონერებისთვის”, – ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკაში საუბარი მიმდინარეობდეს ხალხის რეალურ პრობლემებზე,განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე საუბარი მიმდინარეობდეს პარლამენტში, თუნდაც ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე:

“ჰკითხეთ ნებისმიერ პენსიონერს, რეალური პრობლემა არის საბანკო პროცენტი, რომელიც აქვს „ლიბერთი“ ბანკს პენსიონერებისთვის დაწესებული. თითქმის 800 000 პენსიონერია და აქედან 30%-ზე მეტს, სულ მცირე, რამდენიმე თვის ან ერთი წლის პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი. ბანკი ყველაზე დაუცველ ადამიანებს საქართველოში, პენსიონერებს ახდევინებს არანორმალურ, აუხსნელად დიდ 36%-ს სესხის წინასწარ გამოტანაში.

შესაბამისად, გვაქვს უამრავი კითხვა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაინიშნოს შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ჩვენც და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა დავსვათ შეკითხვები და ერთად გავერკვეთ რეალობაში”, – თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პენსია სესხად

მასალების გადაბეჭდვის წესი