ახალი ამბები

„ოცნებამ“ საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტის 300-დან 700 ლარამდე გაზრდას მხარი არ დაუჭირა

30 ოქტომბერი, 2023 • 1580
„ოცნებამ“ საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტის 300-დან 700 ლარამდე გაზრდას მხარი არ დაუჭირა

„ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ინიციატივა დღეს, 30 ოქტომბერს, განიხილეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებზე.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში პარტია „მოქალაქეებს“  აქვთ წარდგენილი.  როგორც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, დღეს საბაჟო გადასახადზე დაწესებული ზღვარი ძალიან დაბალია. მისი თქმით, საქართველოში ონლაინ გამოწერებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ადეკვატური პირობებით სარგებლობა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, 300 -ლარიანი ლიმიტის 700 ლარამდე გაზრდა ლოგიკური და სამართლიანია.

„ჩვენ ამ ზღარის გაზრდას 700 ლარამდე დიდი ხანია ვითხოვთ. კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო… ჩვენ ვიცით,  რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ზოგადად მთავრობა და ეგრეთ წოდებული ,,რითეილის“ ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამას ეწინააღმდეგებიან. თუმცა ამ ინიციატივას ემხრობა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ხშირად სარგებლობს ონლაინ გამოწერებით. რა არჩევანს უტოვებს სახელმწიფო ამ ადამიანებს? უნდა გაატყავოს იმიტომ, რომ მოლში ვიღაცამ არაადეკვატურად მაღალ ფასად გაყიდოს მისი შემოტანილი პროდუქცია?“-  აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღეს არსებული კანონმდებლობით გადასახადისგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება 300 ლარზე ნაკლებია, ხოლო თუ გზავნილის ღირებულება აჭარბებს 300 ლარს, პირი ვალდებულია განაბაჟოს გზავნილი და გადაიხადოს განბაჟების ღირებულება, რაც წარმოადგენს გზავნილის/ამანათის ღირებულების 18%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი