“ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სენატში მოხსენებისას ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებს საჯაროდ არ დაეთანხმა.
პაპუაშვილის მტკიცებით, ჯორჯ კენტმა ოპოზიცია, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიები და სამოქალაქო აქტივისტები “ძალად მედასავლეთეებად” შეაფასა.
ჯორჯ კენტი სენატის წინაშე საჯაროდ არ ეთანხმება:
- ნაციონალურ მოძრაობას;
- ევროპულ საქართველოს;
- ლელოს;
- სტრატეგია აღმაშენებლის;
- გირჩი – მეტ თავისუფლებას;
- ტვ მთავარს;
- ტვ პირველს;
- ტვ ფორმულას;
- “სირცხვილიას”;
- თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ “ქართული ოცნება” და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…
ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი, რუსი მოდის და არიქა, ხალხო, დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (…რაღაცა მაინც, ვიღაცისგან მაინცო).
ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო. იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან”, — წერს პაპუაშვილი ფეისბუკზე.
გუშინ, 23 მარტს, აშშ-ის სენატის რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხთან დაკავშრიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა და აღნიშნული ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
კენტის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია როგორც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, პოტენციურად ზრდის მის მოწყვლადობას რუსული გავლენების წინაშე.
ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე