ახალი ამბებიეკონომიკა

79% უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ეკონომიკას ასახელებს

23 მარტი, 2021 • 1048
79% უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ეკონომიკას ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტს ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ეკონომიკას განუსაზღვრავს.

ამასთან, ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ პარლამენტარები არ ითვალისწინებენ მათი და მათნაირი ადამიანების შეხედულებებს.

ეკონომიკა – #1 პრიორიტეტი

NDI-ს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კვლევის მონაწილეებს ამ საკითხზე შემდეგი ფორმულირებით დაუსვეს კითხვა:

„ახალ პარლამენტზე თუ იფიქრებთ, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს პარლამენტმა ყურადღება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში?”

გამოკითხულებს, — ჯამში, 2024 ადამიანს, — პასუხად სამი საკითხის დასახელება შეეძლოთ. ორგანიზაციის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხად ეკონომიკა დაასახელა ყველაზე მეტმა ადამიანმა (79%-მა).

ეკონომიკის შემდეგ, გამოკითხვის თანახმად, პრიორიტეტულ საკითხებში მოდის ჯანდაცვა (34%) და განათლება (22%). საკითხების და პასუხების სიხშირის სრული ჩამონათვალი ასეთია:

მოქალაქეების პრიორიტეტები პარლამენტისათვის NDI-ის კვლევის მიხედვით [პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია, რადგან გამოკითხულებს ერთბაშად სამი პასუხის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდათ]

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ტრადიციულად, ყველაზე მნიშვნელოვან 5 საკითხს შორის მოხვდა — მე-4 ადგილზე. მე-5 ადგილზე კი ადამიანის უფლებებია

იმ საკითხების ნაწილი, რაზეც პოლიტიკური პარტიები ხშირად აპელირებენ, — მაგალითად, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, კორუფცია, — აქტუალური საკითხების NDI-სეულ სიაში ქვედა ადგილებზეა. კერძოდ, მე-6 და მე-10 ადგილებს იკავებს:

  • პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება;
  • საგარეო პოლიტიკა;
  • სასამართლო რეფორმა;
  • საარჩევნო რეფორმა;
  • კორუფცია;

დასახელებული საკითხების სიხშირით მე-11 ადგილას დგას „გარემოს“ დაცვა. ამის შემდეგ „სხვა საკითხებია“ დასახელებული.

ეკონომიკა რეცესიაში

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, კორონავირუსული პანდემიის პირობებში, 6.2%-იან რეცესიაში შევიდა, ანუ 6.2%-ით შემცირდა.

კერძოდ, თუკი 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ/ეკონომიკის ზომა) მუდმივ (2015 წლის) ფასებში 40.3 მლრ ლარი იყო, 2020 წლის პირველადი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 37.8 მლრდ ლარამდე იყო შემცირებული.

წყარო: საქსტატი

ეს იმ ფონზე, როდესაც 3.7 მლნ-იან ქვეყანაში უმუშევრობის დონე 18%-ია (ეს რიცხვი განახლებული მეთოდოლოგიით გამოიანგარიშება [თუმცა ამ რიცხვში მაინც ითვლება თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილი]), მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე 4 276 აშშ დოლარს წარმოადგენს.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა.

კერძოდ, იანვრის მონაცემებით, 60-ლარიან შემწეობას 532 242 მოქალაქე იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3% იყო. ეს სიახლე, სავარაუდოდ, გარკვეულწილად მაინც უკავშირდება პანდემიას.

ოფიციალურად, ბოლო წლების განმავლობაში მიგრაციის სალდო უარყოფითია, — რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს.

ქვეყანაში არაერთი ადამიანია დამოკიდებული უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე. გასულ თვეში,  2021 წლის თებერვალში , ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი (534.0 მლნ ლარი) შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის გაზაფხულზე გერმანიაში სეზონური დასაქმების ახლად შექმილ პროგრამაზე (ე.წ. ცირკულარული მიგრაციის სქემით) განაცხადი ერთ კვირაში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეავსო.

ქვეყანაში მოქმედებს წრფივი საგადასახადო პოლიტიკა და ფიზიკური/იურიდიული პირებისთვის, მათი შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, საშემოსავლო გადასახადის საერთო განაკვეთია დაწესებული — 20%.

ამერიკული ლიბერტარიანული, კონსერვატიული ფონდის, Heritage Foundation-ის 2021 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო კვლავ მე-12 ადგილს იკავებს, სადაც წერია, რომ:

„პირველ ათეულში ადგილის დასაკავებლად საქართველოს დასჭირდება უფრო ინტენსიური ძალისხმევა მთავრობის კეთილსინდისიერებისა და მართლმსაჯულების ეფექტურობასთან დაკავშირებული აღქმის გასაუმჯობესებლად“.

წარმოადგენს პარლამენტი ხალხს?

NDI-ის ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების შეხედულებებს.

საწინააღმდეგო აზრზე იყო 37%, 9%-მა კი ამ კითხვაზე მოსაზრება ვერ დააფიქსირა (უპასუხა „არ ვიცი“).

წინა წლებთან შედარებით, ამავე ფორმულირების კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად იცვლებოდა:

წყარო: NDI [მართალია, ეს კითხვა კვლევაში მოქალაქეების პრიორიტეტის შემდეგ მოდის, თუმცა გამოკითხვისას კითხვარში დაზუსტებული არ ყოფილა, კითხვა ამ პრიორიტეტებს გულისხმობდა თუ მოქალაქეების ზოგად შეხედულებებს]

ამასთან, გამოკითხულთა 50% არ მოელის, რომ პარლამენტის წევრები მის ინტერესებს დაიცავენ (ამას მხოლოდ 33% ელის); კიდევ უფრო მეტი, — გამოკითხულთა 55%  თვლის, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ თავიანთ ინტერესებს დაიცავენ.

წყარო: საქსტატი

კვლევა და მეთოდოლოგია

კვლევა, რომელსაც ეს სტატია ეყრდნობა, 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში NDI-ის დაკვეთით ჩაატარა, ტრადიციულად, კვლევითმა ორგანიზაციამ „CRRC საქართველომ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის დაფინანსებით.

პანდემიის პერიოდში კვლევის ჩატარების ფორმა შეიცვალა — თუკი ადრე ინტერვიუები პირისპირ ტარდებოდა, ახლა გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუებით წარიმართა.

ამ კვლევის ფარგლებში, ავტორების თანახმად, გამოკითხეს, ჯამში, 2 024 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე [ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით].

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვრად დასახელებულია +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი