ნეტგაზეთი | “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო კვლავ მე-12 ადგილს იკავებს “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო კვლავ მე-12 ადგილს იკავებს – Netgazeti
RU | GE  

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო კვლავ მე-12 ადგილს იკავებს

Heritage Foundation-ის 2021 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო კვლავ მე-12 ადგილზეა.

რეიტინგში საქართველოს საერთო ქულაა 77.2, რაც შარშანდელ ქულასთან (77.1) შედარებით 0.1-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესება განპირობებულია მთავრობის ხარჯვითი წილის შემცირებით.

“მრავალწლიანმა რეფორმებმა კორუფციის და რეგულაციების შემცირებისა და გადასახადების გამარტივების მიმართულებით განაპირობა აღმასვლა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში. თუმცა პირველ ათეულში ადგილის დასაკავებლად საქართველოს დასჭირდება უფრო ინტენსიური ძალისხმევა მთავრობის კეთილსინდისიერებისა და მართლმსაჯულების ეფექტურობასთან დაკავშირებული აღქმის გასაუმჯობესებლად”, — ნათქვამია ანგარიშში.

Heritage Foundation შეფასებას აკეთებს 4 მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, 12 კომპონენტად არის ჩაშლილი:

  • კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება)
  • მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი)
  • რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება)
  • ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

საქართველოს ქულა გაუმჯობესდა სასამართლოს ეფექტიანობის, შრომის თავისუფლების, ფისკალური სიჯანსაღის, საბიუჯეტო დანახარჯების და საგადასახადო ტვირთის კომპონენტებში, ხოლო გაუარესდა საკუთრების უფლების, მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიზნესის, მონეტარული და ვაჭრობის თავისუფლების ნაწილში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში საკუთრების უფლება აღიარებულია და მთავრობამ გაამარტივა ქონების რეგისტრაცია, თუმცა აღსრულება სუსტია; სასამართლო რეფორმა გრძელდება, თუმცა პრობლემად რჩება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში; მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიაღწია პროგრესს წვრილ კორუფციასთან ბრძოლაში, საჯარო თანამდებობის პირებში მაღალ დონეზე შენარჩუნებულია კორუფცია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.