ახალი ამბები

ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე – გახარია

22 მარტი, 2021 • 1111
ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე – გახარია

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 18 თებერვლის შემდეგ Twitter-ზე საჯარო პოსტი პირველად გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლის “რეალური დღის წესრიგის” შემუშავება.

“დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში. ამჟამად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე ვმუშაობ. საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება სჭირდება”, – წერს გახარია.

დღეს, 22 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს.


გიორგი გახარია პრემირ-მინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. გადადგომისას გახარიამ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმებოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს  ქვეყანაში შექმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობდა ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. თუმცა 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს.

პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი