ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. გადადგომის შემდეგ ესგახარიას პირველი კომენტარია.
მისი თქმით, სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.
“რაც შეეხება მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკად არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ, მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა და დროებით, მალე შევხვდებით ისევ”, — განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მთავრობაში ყოფნის პერიოდში მას ფარულად უსმენდნენ, გახარია პასუხობს, რომ ამას გამორიცხავს.
“გამოვრიცხავ. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში პასუხები გაეცემა”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიამ Facebook-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან.
Posted by გახარია on Monday, March 22, 2021
გიორგი გახარია პრემირ-მინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. გადადგომისას გახარიამ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმებოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს ქვეყანაში შექმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს.
“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობდა ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. თუმცა 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს.