საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 25 მარტიდან 75 და 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები კორონავირუსზე ვაქცინაციას შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების იმუნიზაციაც, თუმცა 25 მარტის შემდეგ ისინი ვეღარ ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი რიგის მართვის კომპონენტით:
“საბჭომ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, რა იქნებოდა საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან მიმართებით და ასევე ლოკაციებთან მიმართებით. გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 წელს ზევით და 65 წელს ზევით შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.
სწორედ ეს გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც კოვიდ ინფექცია ყველაზე საშიშია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პროცესი დაგვეჩქარებინა. პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. მანამდე კი ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება, რომელიც საჭირო იქნება პორტალზე რეგისტრაციისთვის.
სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ 25 მარტის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებულ რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი. 22 მარტის 14:00 საათის მონაცემებით, ვაქცინა გაიკეთა 3 843-მა სამედიცინო მუშაკმა. რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე Booking.Moh.Gov.ge.
