ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” და ინტერნეტგამოცემა “პრაიმტაიმმა” ჰოლდინგი ჩამოაყალიბეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა.
სალიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ჰოლდინგის ჩამოყალიბება არც ტელეკომპანიისა და არც ინტერნეტგამოცემის მუშაობის ცვლილებას არ გულისხმობს. ის მიზნას ისახავს რეიტინგისა და მრავალფეროვნების გაზრდას.
“რუსთავი 2-ის ეთერი გახდება გაცილებით მრავალფეროვანი და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ბადე დავტვირთოთ რეიტინგული და მაღალხარისხიანი გადაცემებით.
ჰოლდინგში გაერთიანება ძირითადად ემსახურება იმას, რომ პარტნიორების ძალისხმევა გაერთიანდეს იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ სინერგიისგან და მაქსიმალურად მოკლე ვადაში “რუსთავი 2-მა” შეძლოს დაიბრუნოს ის პოზიციები, რაც ჰქონდა. ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ 2022-ში “რუსთავი 2″ იყოს პირველი ქართულ სატელვიზიო სივრცეში”, — გვიყვება პაატა სალია.
მისივე ინფორმაციით, იურიდიული პროცედურები ჰოლდინგის ჩამოსაყალიბებლად უკვე დასრულებულია, თუმცა დარჩა გარკვეული დეტალები, რაც მოლაპარაკების საფუძველი გახდება. როგორც სალია ამბობს, არ იცვლება არც ტელეკომპანიისა და არც სააგენტოს მფლობელების საკითხიც.
სალია განმარტავს, რომ რეიტინგის დასაბრუნებლად ტელეკომპანიაში რიგი გადაცემების დამატებაც იგეგმება, რისთვისაც “რუსთავი 2-ში” გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე დაბრუნდნენ — “ისინი სრულად ჩაიბარებენ არხის ფროდაქშენს და მათი ხელმძღვანელობით მოხდება ჩვენი სატელევიზიო ბადის გამრავალფეროვნება”.
“უკვე გვაქვს გარკვეული სიახლეები. იცით, რომ ვაშინგტონის ბიურო დაიბრუნა “კურიერმა”. დათო ნიკურაძე არის ჩვენი წარმომადგენელი, “რუსთავი 2-ის” სახე, რომელიც გარკვეული პერიოდი არ იყო ჩვენთან ერთად.
ძალიან ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, საინტერესო სახეებთან. ბევრს უნდა “რუსთავი 2-ში” კვლავ დაბრუნება”, — აცხადებს სალია.
ახალ გადაცემებზე საუბრისას პაატა სალიას ვკითხეთ ტელეკომაპნიის ერთ-ერთი გადაცემის, “მენტალური ომების” დახურვის შესახებ. რამდენიმე კვირის წინ ამ გადაცემამ საზოგადოების, მათ შორის, ქალი უფლებადამცველების კრიტიკა დაიმსახურა.
გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი ეძღვნებოდა ქობულეთში გარდაცვლილ 14 წლის გოგოს. სწორედ მის ე.წ. პრომოსა და მოწვეულ სტუმრებს მოჰყვა კრიტიკა და უარყოფითი გამოხმაურებები.
„ჩვენ ვმუშაობთ განახლებულ ბადეზე, სადაც ვთვლით, რომ გარკვეული გადაცემები, კონკრეტულად მათ არ დავასახელებ, შეიძლება ვეღარ მოხვდეს.
ჩვენ კომერციული სტრუქტურა ვართ. ჩვენი წარმატება იზომება რეიტინგებში, იზომება გარკვეული სხვა გამოხმაურებებით და ა.შ. შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ ეს გადაცემა უნდა გავაჩეროთ. რამდენიმე გადაცემის გაჩერება შეიძლება დაიგეგმოს უახლოეს მომავალში.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რეორგანიზაცია აუცილებლად არ ნიშნავს, რომ არხი იხურება ან იცვლება ცუდისკენ —პირიქით, დავიწყეთ გაჯანსაღების პროცესი”, — ამბობს სალია და ამატებს, რომ 2019 წლიდან, ანუ არხის მენეჯმენტის შეცვლის დღიდან, ტელეკომპანიას ბევრი გამოწვევა, მათ შორის, ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
მარტის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ „რუსთავი 2-ში“ სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყო. დოკუმენტი, რომელიც “ტაბულამ” გაავრცელა და რომლის ნამდვილობასაც გენერალური დირექტორი ადასტურებს, წერია, რომ რესტრუქტურიზაციის მიზეზი შემცირებული რეიტინგი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და შემცირებული სარეკლამო შემოსავლებია. სალია აცხადებს, რომ სარეკლამო ბაზარი შემცირებულია, რამაც სატელევიზიო შემოსავლების შემცირება ბუნებრივად გამოიწვია.
დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესი ტელევიზიაში 10 აპრილამდე უნდა დასრულდეს.
ვრცლად წაიკითხეთ:
რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება