ახალი ამბები

ეს არაა გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, წლის მანძილზე გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა – ტიკარაძე

18 მარტი, 2021 • 662
ეს არაა გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, წლის მანძილზე გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გართულება მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინაციას არ ახლავს. ამის შესახებ მან ახალციხეში მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში ყოველწლიურად 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა ხდება.

“ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას ან კონკრეტულად “ასტრაზენეკას”, ეს არის ერთერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ ასევე შევისწავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სტატისტიკა და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი. ასევე ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ასტრაზენეკასთან მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება, ამ 41-დან არც ერთი არ ყოფილა ლეტალური, აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს და მას რისკები შეექმნას”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალციხის შემთხვევა რეგულირების სააგენტომ დეტალური შეისწავლა და მოიკვლია ის ქმედებების, რომელიც კლინიკაში 27 წლის ექთანთან დაკავშირებით განხორციელდა.

“ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი.  პაციენტი გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განვახორციელეთ დამატებითი ღონისძიებები. ექიმების მულტიპროფილური გუნდი საღამოს 21:00 საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი”, — განაცხადა ტიკარაძემ.


ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

რა წერია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი