პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმხეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინა „ასტრაზენეკას“ წარმოების იყო.
პრეზიდენტმა ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. აცრის შემდეგ, პრეზიდენტმა იკითხა, შეეძლო თუ არა მას ალკოჰოლის მიღება დღეს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.
“დღეს ჩემი დაბადების დღეა, შემიძლია დავლიო ერთი ჭიქა ღვინო?”, — იკითხა პრეზიდენტმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული ჯგუფების დროული აცრა, რათა ქვეყანამ კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისს თავი დროულად დააღწიოს.
“მე დღეს ურიგოდ ჩავიტარე ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის ეს. ჯერ რიგი არის: ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის, რომელმაც ეს თვეები ძალიან მძიმედ გაიარა. ძალიან საჭირო არის, რომ იმათმა აიცრან იმისთვის, რომ ჯერ ერთი გადამდები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული.
მაგრამ შემდეგ მოვა შემდეგი ჯგუფების რიგიც და ჩვენ თუ გვინდა იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელს მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ჩვენ ეს საშუალება[ვაქცინა], რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ, რადგან დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და კიდევ სხვასაც”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა და უკვე 15 მარტიდან მედიკოსების აცრა დაიწყო. სხვა ადამიანებისთვის ვაქცინა მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.