ნეტგაზეთი | სამნიძე: დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები სამნიძე: დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები – Netgazeti
RU | GE  

სამნიძე: დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე ოპოზიციასა და ხელისუფლების მოლაპარაკებები შესაძლოა დღეს, 18 მარტს, დასრულდეს.

როგორც სამნიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე განხილული საკითხები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება.

“ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი დასრულდება მოლაპარაკებები თუ არა. ვფიქრობ, რომ დღეს არის ეს მნიშვნელოვანი დღე. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება, თუმცა თუ გავიხსენებთ როგორი განცხადებაც გააკეთა დანიელსონმა,  მან თქვა, რომ იქნება მანამ, სანამ მივაღწევთ შეთანხმებას.

ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ გუშინდელი ძალიან ინტენსიური მუშაობის შემდეგ დღესაც გაგრძელდება იგივე ინტენსივობით ორმხრივი შეხვედრა, სადაც  ყველა საკითხს განვიხილავთ და მივალთ ბოლოში, შეთანხმებამდე. მე მოლოდინი მაქვს, რომ უკვე ეს დღეს მოხდება ან ხვალ მაქსიმუმ, მაგრამ არ გაიწელება, არ მგონია, რომ ეს რამდენიმე დღე გაგრძელდეს. მედიატორი აქ ვერ იქნება ძალიან დიდ ხანს”, — ამბობს ხათუნა სამნიძე.

მისივე თქმით, საბოლოო შეთანმხების დოკუმენტი აუცილებლად კომპრომისული იქნება და ვერცერთი მხარე შეძლებს იმას, რომ თავი გამარჯვებულად იგრძნოს.

“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ პირობები, რომელსაც გვთავაზობს მედიატორი, არ უზრუნველყოფს იმას, რომ რომელიმე მხარემ თქვას, რომ ჩემი პირობები უფრო გათვალისიწინებულია თუ ჩემი ოპონენტის. ასეთი ვითარება არ არის. მედიატორი სწორედ იმიტომ არის ამ პროცესში, რომ ყველა წინადადება ასახოს დოკუმენტში კომპრომისების გათვალისწინებით, ანუ ყველა წინადადება კომპრომისულია.

ამიტომაც მაქვს მოლოდინი, რომ ეს არ იქნება დოკუმენტი, რომლითაც რომელიმე მხარე იტყვის, რომ გაიმარჯვა და დაამარცხა ოპონენტი. ეს იქნება დოკუმენტი, სადაც ძირითადად გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის მოთხოვნები და ორივე მხარიდან მოთხოვნილი იქნება კომპრომისი. ჩვენ შეგვეძლება თქმა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვა ამ დოკუმენტით და არა რომელიმე მხარემ. ეს არის მედიაციის მთელი არსი, რომ ჩვენ ყველა ჩვენს მოთხოვნას ვერ მივიღებთ შეთანხმებაში აუცილებლად განსახორციელებლად და ვერც ხელისუფლება შეძლებს, რომ ყველა იმ მოთხოვნას, რაც ოპოზიციამ დააყენა, იგნორირება გააკეთოს”, — აცხადებს სამნიძე.

მოლაპარაკებების მაგიდაზე ყველა ის საკითხია, რასაც ოპოზიცია მანამდე ითხოვდა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნებიც. თუმცა მისი თქმით, საბოლოოდ ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეთანხმება ურთიერთკომპრომისების საფუძველზე შედგება.

“ხუთივე საკითხი არის დოკუმენტში, არცერთი არ გამქრალა. უბრალოდ, როგორ შევთანხმდებით ამ ხუთ საკითხზე, ეს იქნება ასახული კომპრომისულ ვერსიაში. ყველა პუნქტზე იქნება კომპრომისი. გუშინ რა პუნქტებიც გავიარეთ და რა საკითხებზეც შევთანხმდით, ყველა არის კომპრომისული ვერსია ერთმანეთის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამიტომ ყველა პუნქტში იქნება კომპრომისები არა მხოლოდ ვადამდელთან დაკავშირებით და ვადამდელთან დაკავშირებით როგორ შევთანხმდებით და რა იქნება საბოლოოდ, ესეც იქნება ურთიერთკომპრომისების საფუძველზე დადებული შეთანხმება”, — განაცხადა სამნიძემ.


გუშინ, 17 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში 12 მარტიდან ჩაერთო. მან არაერთი შეხვედრა გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე, თუმცა გუშინდელ დღემდე ერთობლივი შეხვედრა არ გამართულა.

გუშინ ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები დღეს, 18 მარტს, გაგრძელდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი