ახალი ამბები

ჩვენთვის ორი პრიორიტეტული საკითხია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები – მინაშვილი

17 მარტი, 2021 • 858
ჩვენთვის ორი პრიორიტეტული საკითხია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები – მინაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ენმ-თვის ორი პრიორიტეტული საკითხი კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია. მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

“[მოლაპარაკების] დეტალებში არ შევალ, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, მათ შორის ჩვენთვის განსაკუთრებით, ორი მთავარი პრიორიტეტული საკითხია, ეს არის ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. მოლაპარაკებები გრძელდება, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და ვნახოთ, რა შედეგი დადგება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ განწყობით, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” და ეს განწყობა გამოიკვეთა ღია კომუნიკაციაში, რა განცხადებებიც აკეთა გუშინ ღარიბაშვილმა და “ქართული ოცნების” ლიდერებმა გუშინწინ, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება. ვიმეორებ, თუ ეს ხალხი უარს იტყვის იმ მთავარ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, და ეს არის პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, შეთანხმება ვერ შედეგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირისა და ევროპის წინააღმდეგ”,-აცხადებს მინაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი