ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილ ორ კანდიდატურას, გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღეს, 9 ივლისს, განაცხადა.
მისი თქმით, ორივე კანდიდატი “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებელია და მათი შერჩევით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს “რეფორმის იმიტაციისთვის” გამოიყენებს.
“ეს ადამიანები წლებია ცესკოს თანამშრომლები არიან, „ჟვანიას, ანუ „ქართული ოცნების” გუნდის წარმომადგენლები, და ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. მაგალითად, გიორგი კალანდარიშვილი პრესსპიკერის ფუნქციას ასრულებდა და ახმოვანებდა გაყალბების პოლიტიკას, ხოლო გიორგი სანტურიანი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „აპრავებდა“ იმ გაყალბებას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებდა.
ამავე პოზიციაზე არიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურას და გამოთქვეს ეჭვი, რომ სხვა დანარჩენი კომისიის წევრები იყვნენ წინასწარ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მინაშვილმა.
საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.
გიორგი კალანდარიშვილს ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს და 2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. გიორგი სანტურიანი კი ცესკოში 2018 წლიდან მუშაობს და 2020 წლიდან ცესკოს იურიუდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებს.
საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან, ცესკოს თავმჯდომარეობის 7 კანდიდატს მოუსმინა.
ზემოხსნებულ ორ კანდიდატს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს