ახალი ამბები

“იდეა საინტერესოა” – მინაშვილი ევროპარლამენტარების მელიას თავდებში ჩადგომაზე

22 აპრილი, 2021 • 912
“იდეა საინტერესოა” – მინაშვილი ევროპარლამენტარების მელიას თავდებში ჩადგომაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი საინტერესოს უწოდებს “ლელოს” იდეას, რომ ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარები ჩაუდგნენ. ჟურნალისტთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე გირაოს გადახდას არ აპირებს.

“ამ ინიციატივის დეტალები ჯერ არ ვიცით. იდეა თავისთავად საინტერესოა და ახლა მთავარი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ანუ, რა პოზიციას დააფიქსირებს ხელისუფლება ამ საკითხის ირგვლივ. ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი და ნიკა მელიას პოზიციას, რომ გირაო ვისი გადახდილიც არ უნდა იყოს, გამორიცხულია, რადგან ნიკა მელია თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური გამოსასყიდი”, – აცხადებს მინაშვილი.

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობენ. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად, ხაზარაძის თანახმად, განიხილება ის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ენმ-ის თავმჯდომარეს, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება.

“ლელოს” ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე, ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას”,-განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძე: ევროპარლამენტარები მზად, არიან თავდებში დაუდგნენ მელიას

მასალების გადაბეჭდვის წესი