საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს. თელავის რაიონული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უწყებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც უწყება ოფიციალურ განცხადებაში გამოძიებაზე დაყრნობით წერს, კაცმა 2020 წლის ოქტომბერში 14 წლის გოგოსთან რამდენჯერმე დაამყარა სექსუალური კავშირი.
ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ასევე დააკავეს გოგოს ძმა. როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, ძმა არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის შესახებ გაიგო.
კაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ძმას – 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
„პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, — ნათქვამია განცხადებაში.