ახალი ამბები

რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება

5 მარტი, 2021 • 1657
რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა.

დოკუმენტი, რომელიც “ტაბულამ” გაავრცელა და რომლის ნამდვილობასაც გენერალური დირექტორი ადასტურებს, წერია, რომ რესტრუქტურიზაციის მიზეზი შემცირებული რეიტინგი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და შემცირებული სარეკლამო შემოსავლებია. სალია აცხადებს, რომ სარეკლამო ბაზარი შემცირებულია, რამაც სატელევიზიო შემოსავლების შემცირება ბუნებრივად გამოიწვია.

დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესი ტელევიზიაში 10 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

“რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება”, — წერია სალიას ბრძანებაში.

პაატა სალია ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ჟურნალისტების გათავისუფლებას არ გეგმავს, ასევე არ იგეგმება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გადაცემების დახურვაც. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის თქმითვე, ჯერ არ იცის, რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევთ სამსახურიდან.

“ტელევიზიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს არხის რეიტინგი და გაურესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და შემცირებული სარეკლამო ბაზრის პირობებში შევძლოთ, უფრო ეფექტურად ვიმუშათ და გავზარდოთ ჩვენი შედეგები. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვინდა დავამატოთ ბევრი გადაცემა. სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება, სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არსებობდა.

2019 წელს, როცა მოვედით ორგანიზაციაში, აგვისტოს მოვლენები გახსოვთ… ბევრი თანამშრომელი წავიდა. [რეორგანიზაცია] მაშინვე საჭირო იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი პოლიტიკური მოვლენები საკმაოდ დატვირთული იყო, ადამიანური რესურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ გადაცემები დაგვემატებინა. გახსოვთ ალბათ, რომ გაზაფხულზე დავამატეთ პოლიტიკური თოქ-შოუები, რაც მანამდე, ფაქტობრივად, არ გვქონდა. მოკლედ, გასულ წელს გარკვეული სიძნელები გადავლახეთ. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გვინდა, რომ ეს ჩვენი ამბიციური გეგმებიც შევასრულოთ და ნაკლები ფინანსური დანახარჯებით მეტი ეფექტი მივიღოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა”, — აცხადებს სალია.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმითვე, რეორგანიზაცია თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას არ გულისხმობს:

“[სტრუქტურული რეორგანიზაცია] თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას არ გულისხმობს. ყველა მეკითხება ამას. შეიძლება, გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ჩანაცვლებები შესაძლოა იყოს, გარკვეულ ადამიანებს დავემშვიდობოთ და სხვა მივიღოთ,  თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. [რამდენი ადამიანის გაშვებას ვაპირებთ] ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადამიანების მასობრივი დათხოვნა არ იგეგმება.”

ნეტგაზეთის კითხვაზე, ჟურნალისტების გაშვება თუ იგეგმება არხიდან, სალია გვპასუხობს, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია არც ჟურნალისტებს და არც არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება.

“პირიქით, ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მეტი და უფრო მაღალი ხარიხის პროდუქტი მივაწოდოთ მაყურებელს”,  — აცხადებს სალია.

კითხვაზე, თანამშრმლებმა წინასწარ თუ იცოდნენ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რადგან სალიას ბრძანებაში კადრების შემცირებაზეც წერია, ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ დოკუმენტში შემცირება/გადაადგილებაა ნახსენები და შესაძლოა კადრების შემცირება არ მოხდეს.

“იმისთვის, რომ კომპანიამ ფუნქციონირება გააგრძელოს, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები საჭირო გახდეს. მესმის, რომ შესაძლოა, ვიღაცასთან დამშვიდობება მოგვიწიოს, მაგრამ ეს კანონის დაცვით და კომპენსაციის გაცემით იქნება, რასაც შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვიმეორებ, კონკრეტულად, ჯერჯერობით,არავისზე საუბარი არ არის და ამ კუთხით ვითარების შესწავლა მიმდინარეობს. გვინდა ეფექტურობა გავზარდოთ ისე, რომ ადამიანების რაოდენობის შემცირება ან დამატება არ დაგვჭირდეს”, — აცხადებს პაატა სალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი