ახალი ამბები

ტიკარაძე: ამ ეტაპზე გვაქვს მითითება, მშვიდად გავაგრძელოთ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია

16 მარტი, 2021 •
ტიკარაძე: ამ ეტაპზე გვაქვს მითითება, მშვიდად გავაგრძელოთ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის ქრონიკაში” აცხადებს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მოლოდინების შესაბამისად მიმდინარეობს და მოულოდნელი გართულებები არ დაფიქსირებულა.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ტიკარაძე ამბობს, რომ  ჯანდაცვის სამინისტრო უწყვეტ კავშირზეა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს მითითება, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს:

“ჩვენ ვართ 24-საათიან უწყვეტ კავშირზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ყველა იმ სახელმწიფოსთან, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. ისინი გვიზიარებენ მათ გამოცდილებას და გადაწყვეტილებებს, თუ რის საფუძველზე ხდება ვაქცინაციის შეჩერება. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, სადაც ევროპის მარეგულირებელთან [EMA] ერთად განხილული იქნება ყველა ის შემთხვევა, რომელიც როგორც გართულება დაფიქსირდა პაციენტებში და ხვალ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მითითება, მშვიდად შეგვიძლია განვაგრძოთ ეს პროცესი”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულებით გამყარებული არგუმენტი, რომ აღნიშნული ვაქცინა სერიოზულ გართულებებს იწვევს:

რატომ გაჩნდა კითხვები

“ასტრაზენეკას” ვაქცინის გარშემო კითხვები კვლავ გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიაში  აღნიშნული ვაქცინით აცრილ რამდენიმე ადამიანს თრომბი განუვითარდა, 1 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. ასე გახდა დანია პირველი ქვეყანა, რომელმაც “ასტრაზენეკას” გამოყენება 14 დღით, გამოძიების დასრულებამდე დროებით შეაჩერა. დანიის შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა არაერთმა ევროპულმა ქვეყანამაც მიიღო, მათ შორის, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა საფრანგეთმა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით ჩეულებრივ გრძელდება.

თავად მწარმოებელი კომპანია აღნიშნავს, რომ არ არსებობს თრომბის განვითარების მომეტებული რისკის მტკიცებულება ვაქცინით აცრილთა შორის.

როგორია WHO-ს, EMA-სა და სხვების პოზიცია

“ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით გაჩენილი კითხვებით “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც”(WHO) დაინტერესდა და მისი შესაბამისი დეპარტამენტი უკვე სწავლობს ხსენებულ ცნობებს.

თუმცა, როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა, “ასტრაზენეკა შესანიშნავი ვაქცინაა” და არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი მასსა და ჯანმრთელობის ზემოხსენებულ პრობლემებს შორის.

“ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ დიახ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება”, — აღნიშნა მან.

ჰარისმა ასევე თქვა, რომ ორგანიზაციას ჯერ არ გამოუვლენია გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციასთან იყო დაკავშირებული.

სახელმწიფოებს “ასტრაზენეკას” გამოყენების შეჩერებას არც “ევროპის მედიკამენტების სააგენტო”(EMA) ურჩევს. ორგანიზაცია დასძენს, რომ არ გამოვლენილა ნიშანი, რომელიც ვაქცინასა და მისი გამოყენებით აცრილ ადამიანთა შორის თრომბის განვითარებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

“ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და თრომბოემბოლიური შემთხვევების გამოძიების პროცესში მისი ადმინისტრირერების გაგრძელება შესაძლებელია”, — დასძენს EMA.

ხსენებულ ორგანიზაციებს ეთანხმება დიდი ბრიტანეთის “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოც”(MHRA). უწყების თქმით, “ასტრაზენეკა” კვლავ უსაფრთხოა და ადამიანებმა უნდა განაგრძონ აცრა.

ამავე პოზიციაზეა გერმანიაც: ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თრომბის განვითარების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

“რეალურად, დაკვირვებებით ასეთი ტიპის მოვლენების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ვაქცინირებულებში, ვიდრე, მოლოდინის თანახმად, იქნებოდა ზოგადად მოსახლეობაში”, — აღნიშნავს “ასტრაზენეკა”.

ვრცლად წაიკითხეთ:

Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი