ახალი ამბები

ნინოწმინდაში 1.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა პროექტებზე, რომელიც უფუნქციოა — აუდიტი

15 მარტი, 2021 • 1064
ნინოწმინდაში 1.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა პროექტებზე, რომელიც უფუნქციოა — აუდიტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა დაახლოებით 1.2 მილიონი ლარის ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტში.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით ხელშეკრულება გააფორმა ნინოწმინდაში აგრარული ბაზრის მშენებლობის  შესყიდვაზე. აშენებული ბაზარი მუნიციპალიტეტს იმავე წლის ოქტომბერში ჩაბარდა და ადგილობრივ მთავრობას 153 ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახური წერს, ობიექტი უფუნქციოა.

“ობიექტის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაზარი დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ მოვაჭრეები არ გადადიან ახალაშენებულ შენობაში და განაგრძობენ გარე ვაჭრობას. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ღონისძიებები გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და შენობის ფუნქციური დატვირთვისათვის”, — წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხვდა ამბულატორიაც. აუდიტის ცნობით, საჭირო ინვენტარის არარსებობის გამო, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მოწყობილი ამბულატორიები უფუნქციოა:

“სხვადასხვა სოფელში მოწყობილია სოფლის ამბულატორიები, საერთო ღირებულებით 696.6 ათასი ლარი. შენობები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით და არ ფუნქციონირებს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაუსრულებელი და გამოუყენებელია სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები,  თანხით 351.9 ათასი ლარი”, —ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი