ახალი ამბები

პედიატრი თემურ მიქელაძე: ყველას მოვუწოდებ, ჩაიტარონ კოვიდზე ვაქცინაცია

15 მარტი, 2021 • 1063
პედიატრი თემურ მიქელაძე: ყველას მოვუწოდებ, ჩაიტარონ კოვიდზე ვაქცინაცია

პედიატრი თემურ მიქელაძე ერთ-ერთი პირველი ექიმია საქართველოში, რომელიც დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტიით აიცრა.

როგორც მიქელაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 2 000-მდე COVID დადებით პაციენტ ბავშვთან ჰქონდა შეხება, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუ რატომაც გადაწყვიტა ვაქცინაციის ჩატარება. გარდა ამისა, პედიატრი აცხადებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს:

“ყველაზე მეტი შეხება მქონდა COVID პაციენტებთან. დაახლოებით 2 000 ბავშვამდე გავატარე, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა. გარდა ამისა, ვარ იმუნიზაციის ექსპერტთა ტექნიკური საბჭოს წევრი და ვიცი, რაც არის ვაქცინა. ჩვენ გვაქვს იმუნიზაციის კაბინეტი კავკასიის მედიცინის ცენტრში და დღესაც, მაგალითად, 15 ბავშვი ავცერი გეგმურ ვაქცინაციაზე. ვიცი, რა არის, რისთვის კეთდება და რას ნიშნავს ზოგადად ვაქცინა კაცობრიობისთვის.

მწარმოებელი არის სერიოზული, ვაქცინა არის უსაფრთხო. გარდა ამისა, ქვეყანა არ შემოიტანს და თავის მოსახლეობას არასოდეს გაუკეთებს არა მარტო ცუდ ვაქცინას, არამედ სხვა მედიკამენტსაც. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვენდოთ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა ვაქცინის ხარისხზე” ,- ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული და ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რომ ენდონ საკუთარი ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებს

“ერთადერთი რეკომენდაცია რაც არის, საქართველოში თუ შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინა, ეს აუცილებლად იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზებული ან პრეკვალიფიცირებული. აქედან გმაომდინარე, არ არის საჭირო ამდენი ინფორმაცია, “ასტრაზენეკა” ჯობია, “მოდერნა” ჯობია თუ “ფაიზერი” და ა.შ. მთავარია ვაქცინა იყოს ნებადართული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რაც მერწმუნეთ, არც ისე ადვილი არ არის.

მე თვითონ მიწევდა ამ ვაქცინაზე ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებიდან 30-მდე ვებინარში მონაწილეობა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყო ჩატარებული და ვიცი, რა ვაქცინაა, როგორი წარმომავლობა აქვს და ყველას მოვუწოდებ იმისათვის, რომ პანდემია დროულად დასრულდეს, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ოღონდ არ ეძიონ, ვისი ხარისხის ვაქცინაა” ,- ამბობს პედიატრი.

მისი თქმით, ვაქცინაცია ყველა წესის დაცვით ჩატარდა, რაც მოიცავდა ვაქცინაციამდე პაციენტების მდგომარეობის ზოგად შეფასებას. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი და ტემპერატურა, ყველა გეგმური ვაქცინისთვის არის დამახასიათებელი და განსაკუთრებულ საშიშროებას არც COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინის შემთხვევაში წარმოადგენს:

“იყო აბსოლუტურად უსაფრთხოების ყველა წესი დაცული. პირველ რიგში, პაციენტების გასინჯვა და მისი ზოგადი მდგომარეობის შეფასება ხდებოდა. თუ იყო უკუჩვენება, ვაქცინა არ კეთდება, მაგრამ არსებობს გვერდითი რეაქციები, რომელიც შეიძლება მქონდეს.

შეიძლება სიცხე მომცეს, დაღლილობა და თავის ტკივილი გამომივლინდეს, მაგრამ ეს არის ვაქცინის რეაქცია, რომელიც ყველა გეგმურ ვაქცინაციას, რომელსაც ბავშვებში ვაკეთებთ, შესაძლებელია ახასიათებდეს. ყველაფერი იყო ორგანიზებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კავკასიის მედიცინის ცენტრის ადმინისტრაციასაც. ყველაფერი იყო მოწესრიგებული და ვაქცინა ტარდებოდა აბსოლუტურად უსაფრთხოების წესების დაცვით”, – ამბობს ექიმი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თემურ მიქელაძის თქმით, ვაქცინაცია ყველაზე დროული და საჭირო ინტერვენციაა ჯანდაცვის სფეროში, რაც უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში განხორციელებულა და ის ყოველწიურად 3-დან 5 მილიარდამდე ადამიანის სიცოცხლეს  იხსნის:

“რომ არ გვქონდეს წითელას, წითურას, პოლიომიელიტის და ა.შ. ვაქცინები, 8 მილიარდი კი არა, 3-4 მილიარდი იქნებოდა მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ენდეთ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს” ,- ამბობს თემურ მიქელაძე.


დღეს საქართველოში “ასტრაზაენეკას” წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით აცრა დაიწყო.ირველ აცრილებს შორის არიან NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები — მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და სხვა ექიმები.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა იმ ჯგუფების მიხედვით, ვინც თავდაპირველად უნდა აიცრას, ასე იყოფა:

  • სამედიცინო პერსონალი – გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯამურად, ეს  71 ათას ადამიანს მოიცავს. მთავრობას სურს, რომ პირველ ეტაპზე მათი 45% აცრას (46 ათასი ადამიანი). მთავრობის გათვლით, ეს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა მოხდეს.
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები – ჯანდაცვის მუშაკთა ჯგუფის შემდეგ, გეგმაში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალია გათვალისწინებული. ეს გულისხმობს ხანდაზმულთა სახლებს, პანსიონატებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებსა და სხვა. როგორც გაბუნია ამბობს, ამ ადამიანთა რაოდენობა მცირეა, სულ 2 600 ადამიანი. პირველ ეტაპზე მათი 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.
  • ასაკობრივი ჯგუფები და ძირითადი სერვისის მიმწოდებლები – წინა ორი ჯგუფის შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, რომ ორი ასაკობრივი ჯგუფი – 75 წელს ზემოთ და 65-დან 74 წლამდე პირები აცრან. ამ ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებასა და შეუფერხებელ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირები. კერძოდ, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ამ ჯგუფს 180 ათასი ადამიანი მიეკუთვნება, პირველ ეტაპზე კი 108 ათასი უნდა აიცრას.
  •  სხვა ასაკობრივი ჯგუფები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები – შემდეგ მოდის სხვა, შედარებით ნაკლები რისკის ჯგუფი – 55-დან 64 წლის ფარგლებში. ასევე პირები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რესპირაციული დააავდებები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი