ახალი ამბები

“შეთანხმებისთვის საჭიროა ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა” — თალაკვაძე

14 მარტი, 2021 •
“შეთანხმებისთვის საჭიროა ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა” — თალაკვაძე

“ჩვენი მოლოდინი არის კვლავ პოზიტიური, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ამის იმედს გვაძლევს ევროკავშირის მაღალი ჩართულობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 14 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან “ქართული ოცნების” მეორე შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დანიელსონის ვიზიტის დასასრულამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა და დიალოგი პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

“დიალოგი გაგრძელდება. ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” გაკეთებული აქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა — მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, “თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, არის ქვეყნისთვის დაკარგული დღე”.

“ვფიქრობ, პრემიერმინისტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ის სახელისუფლო გუნდის მხრიდან კონკრეტულ გეგმებს და ხედვას წარადგენს. დღეს უკვე ევროკავშირს აქვს ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია და ცოდნა, თუ რეალურად რა იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო. ძალიან მალე ამას საზოგადოებაც გაიგებს და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება, რომ შეაფასოთ, რამდენად კონსტრუქციული და სამართლიანი იყო ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ დღის ბოლომდე გახდებოდა ცნობილი, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას, თუმცა კობახიძის თქმით: “დაველოდებით შემდეგ მისიას”.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15-17 მარტს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება.

“იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაზეც ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია გვქონდა აქამდე გაცხადებული, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ ხედვას და საკუთარ პოზიციას წარადგენს ბრიუსელში, რაც ძალიან მნიშველოვანი განაცხადი იქნება მისი მხრიდან, როგორც ახლადდანიშნული პრემიერმინისტრის მხრიდან”, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

“დისკუსიები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგაც” — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი