ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ენმ-ის ხელისუფლებას 2011 წელს რომ ჰქონოდა ტვ პირველზე გასული ჩანაწერები, რეაგირება მოჰყვებოდა

12 მარტი, 2021 •
სააკაშვილის თქმით, ენმ-ის ხელისუფლებას 2011 წელს რომ ჰქონოდა ტვ პირველზე გასული ჩანაწერები, რეაგირება მოჰყვებოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, “TV პირველის” ეთერში 6 მარტს გასული ჩანაწერები “ნაციოანლური მოძრაობის” მმართველობის დროს რომ ჰქონოდათ, მაშინდელ სახელმწიფო უწყებებს რეაგირებაც ექნებოდათ. ამის შესახებ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“2011 წელს რომ ჰქონოდა ხელისუფლებას ეს ჩანაწერები, თითოეულმა ჩვენგანმა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, თან ეს არის პერიოდი, როდესაც ივანიშვილი – რუსი ოლიგარქი, “გაზპრომის” მთავარი აქციონერი, გამოვიდა აქტიურად პოლიტიკურ არენაზე, წერილს წერილზე წერდა, “ვგმობ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას”, და ეს 2011 წლის განმავლობაში ხდება სულ. და ამ დროს არავინ არ დაინტერესდა, ვინ ვის აკაჩავებს, ვინ ვის მიმართ იჩენს ძალადობას, ვინ ვის მიუვარდა და ხელისუფლება უბრალოდ წყნარად უყურებს ამ ყველაფერს და არაფერს არ აკეთებს?

უნდა ჩამოყალიბდნენ, ან ჩვენ ვიყავით ასეთი ეფექტური და ბოროტები, რაც, რა თქმა უნდა, არ ვიყავით, მაგრამ კანონს ვიცავდით, ან მეორე მხრივ, ვიყავით სრული უუნაროები და არაფრისმაქნისები და მარტივად შესაჭმელები, როგორც გამოდის. თუ ჩვენ გვქონდა ეს [ჩანაწერები] და არაფერი გააკეთეს მაშინდელმა ორგანოებმა, ეს ნიშანავს, რომ ესენი იყვნენ ჩამოშლილები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს რომ ასე არ იყო, მგონი, ხალხს ახსოვს”, – განმარტა სააკაშვილმა.

ტელეკომპანიასთან საუბარისას სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევადნელ განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ 11 წლის წინ  “ფონდი ქართუს” ხელმძღვანელობდა და მინისტრები და სააკაშვილის ოჯახის წევრები, კერძოდ ცოლი და დედა, უკავშირდებოდნენ ხოლმე მას.

“ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს”. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წელიწადში, მოგეხსენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან.

მე მქონდა არაერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან, რომელიც კულტურის მინისტრი იყო, ჯანდაცვის მინისტრ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი” ,— განაცხადა ღარიბაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ამ განცხადების შემდეგ მან დედამისს, გიული ალასანიას ჰკითხა, ამბობდა თუ არა სიმართლეს ღარიბაშვილი, რაზეც მან უპასუხა, რომ ღარიბაშვილი მას თავად ესტუმრა ერთხელ და “ჩვენებურების” ფესტივალის ფარგლებში დახმარება შესთავაზა:

“მე დედაჩემს დღეს ვკითხე და გაიხსენა, რომ ერთხელ მისული იყო მასთან ღარიბაშვილი, როდესაც დედაჩემი იყო “ჩვენებურის” ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.  [ღარიბაშვილმა] შესთავაზა თავისი დახმარება და მაშინაც შენ გკითხეო და შენ თქვი, გააჩნია, თუ კარგი საქმეა, რატომაც არაო. ისიც ძალიან მცირე ნაწილი გადაფარესო”, – განაცხადა სააკაშვილმა.


ტვ”პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

თავად საუბრის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერები ბევრი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა, თუმცა მასში ასახულ მოვლენებს არ უარყოფენ და მოვლენების საკუთარ ვერსიას ჰყვებიან.

კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ დაიწყებს, რადგან დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოსთხოვს:

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 მარტს, პირველად ისაუბრა ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლებიც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აუდიოფაილი ფაბრიკაციაა, რომელიც მისი და ბერა ივანიშვილის 11 წლის წინ ჩაწერილი საუბრებითაა აწყობილი, “დანაშაული კი არ არსებობს, რამდენადაც დაზარალებული არავინაა.” ბერაც, ანზორ ჩუბინიძეც და ღარიბაშვილიც მიუთითბენ, რომ ჩანაწერები იმ პერიოდისაა, როცა ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლის განცხადება.

 

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი