საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 მარტს, პირველად ისაუბრა ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლებიც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აუდიოფაილი ფაბრიკაციაა, რომელიც მისი და ბერა ივანიშვილის 11 წლის წინ ჩაწერილი საუბრებითაა აწყობილი, “დანაშაული კი არ არსებობს, რამდენადაც დაზარალებული არავინაა.”
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ჩანაწერების ახლა გავრცელება პროვოკაცია იყო და დასძენს, რომ საეჭვოდ ემთხვევა დროში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული კონტურების გამოკვეთას.
“ეს არის მიხეილ სააკაშვილი მცდელობა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გამოიკვეთა კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია.
რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, დასაგმობია ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას. რაც შეეხება ამ საკითხს, მე მინდა გითხრათ ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ვიფიქრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა.
მეორე, მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება. მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება. ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. პირველი ის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის, ტოტალური მოსმენების მსხვერპლი” ,— ამბობს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, რაც შეეხება ჩანაწერის იმ მონაკვეთს, როდესაც ექსპრემიერის ვაჟი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ მინისტრები დაურეკავენ, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმ პერიოდში “ქართუ ფონდს” ხელმძღვანელობდა და საქველმოქმედო პროექტების ფარგლებში შეხვედრებს არაერთ მინისტრთან თუ მაღალი თანამდებობის პირთან მართავდა:
“ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს”. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წელიწადში. მოგეხსენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან.
მე მქონდა არაერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან ,რომელიც კულტურის მინისტრი იყო, ჯანდაცვის მინისტრ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი” ,— აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ სიცრუეა, თითქოს საუბრები 2017 წელს შედგა, რამდენადაც პოლიტიკა 2015 წელს დატოვა და 4 წლით კერძო სექტორში გადაინაცვლა:
“აქედან გამომდინარე, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, აქ არანაირი ლოგიკა არ არსებობს რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული ეს საკითხი. იყო საუბარი, რომ თითქოს ეს ჩანაწერები იყო გაკეთებული 2017 წელს. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში. მას შემდეგ მე 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველს მოკლებული” ,— ამბობს ღარიბაშვილი.
რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, რადგანაც დაზარალებულები არ არიან და მიიჩნევს, რომ აღნიშნული აუდიოფაილებიდან მხოლოდ ის დგინდება, რომ თავად ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი არიან დაზარალებულები, რომლებსაც უსმენდნენ:
“მე მინდა გითხრათ, მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვარ მე, პირველი კითხვა რაც მაქვს მე, რატომ მისმენდნენ მე როგორც კერძო პირს. იმ დროს საჯარო სექტორში ვმუშაობდი, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. არც პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” არსებობდა და არც ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში ჩართული. ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული არის დემონსტრირება, რომ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების ქვეშ.
ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაავრცელეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი საუბრების. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული. თქვენ მოგეხსენებათ, ბატონმა ანზორმა გააკეთა ვრცელი კომენტარი, მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ იმიტომ, რომ ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს ლიკვიდაციით და იყო მუქარა, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა ჩუბინიძის, რომელსაც აღნიშნული პოლიციის ჩართულობით უნდა გამოეკვლია იმიტომ, რომ მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს.
როგორ წარმოგიდგენიათ, ნაცმოძრაობის დროს ასეთი დანაშული რომ მომხდარიყო, გამოძიებდნენ თუ არა და დატოვებდნენ თუ არა გაუხმაურებელს. რა თქმა უნდა, არა. დანაშული არ მომხდარა, ეს არის სიყალბე, რომელიცისაზოგაოდებამ იხილა” ,— ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ტვ”პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
თავად საუბრის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერები ბევრი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა, თუმცა მასში ასახულ მოვლენებს არ უარყოფენ და მოვლენების საკუთარ ვერსიას ჰყვებიან.
კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ დაიწყებს, რადგან დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოსთხოვს:
“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით