ახალი ამბები

კრისტის აუქციონზე ციფრული ნამუშევარი $70 მილიონად გაიყიდა

12 მარტი, 2021 • 841
კრისტის აუქციონზე ციფრული ნამუშევარი $70 მილიონად გაიყიდა

ამერიკელი ხელოვანის მიერ შექმნილი ციფრული ნამუშევარი კრისტის აუქციონზე თითქმის $70 მილიონად გაიყიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვილმა სააუქციონო სახლმა ფიზიკური ფორმით არარსებული ნამუშევარი გაყიდა.

ნამუშევრის, სახელწოდებით “ყოველდღე — პირველი 5 000 დღე”, ავტორი ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი მაიკ უინკელმანია. $69,346,250-ად შეფასებული ფოტოკოლაჟი 5 000 ფოტოსგან შემდგარ JPG ფაილს წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურად, 13 წლის განმავლობაში იქმნებოდა.

Reuters-ის თანახმად, ნამუშევრის ამ ფასად გაყიდვის შემდეგ უინკელმანი ამჟამად ცოცხალ ხელოვანებს შორის მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

მაიკ უინკელმანის ნამუშევრის ფრაგმენტი

სააგენტოს ინფორმაციით, ფოტოკოლაჟი NFT ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. NFT ახალი ტიპის ციფრული აქტივია, რომლის ფარგლებში შექმნილი ნებისმიერი პროდუქტის საავტორო უფლება ბლოკჩეინით არის დაცული. შესაბამისად, ელექტრონული ნამუშევრის ორიგინალის მფლობელი მხოლოდ მისი მყიდველი იქნება.

ციფრული ხელოვნების ეს ფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, 10-წამიანი ვიდეოკლიპი, რომელიც ძირს დაცემული დონალდ ტრამპის გამოსახულებას შეიცავს, თებერვალში $6.6 მილიონად გაიყიდა. მისი ავტორი ასევე უინკელმანია.

როცა 39 წლის ამერიკელ არტისტს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ მომხმარებლები მზად არიან, მის ციფრულ ნამუშევრებთში მრავალი მილიონი გადაიხადონ, უინკელმანმა თქვა, რომ სიტყვები არ ჰყოფნის.

NFT მზარდ ინტერესესს მხოლოდ ხელოვანებს შორის არ იწვევს. მაგალითად, “ტვიტერის” დამფუძნებელი ჯეკ დორსი გეგმავს, მოაწყოს აუქციონი, რომელზეც თავის პირველ ტვიტს გაყიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი