ახალი ამბებიეკონომიკა

ვინ რა წესით დაიბეგრება გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე

11 მარტი, 2021 •
ვინ რა წესით დაიბეგრება გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ველთაური ნეტგაზეთს ეუბნება, რომ გერმანიაში დასაქმების მსურველები სხვადასხვაგვარად დაიბეგრებიან. მისი განმარტებით, ის ადამიანები, ვინც საქართველოში უკვე არიან დასაქმებული და გერმანიაში დროებით ლეგალურ სამუშაოზე მოინდომებენ წასვლას,  25%-იან საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან, ხოლო უმუშევრები – 5%-ს. აღნიშნული დაბეგვრა გერმანიაში მოხდება.

“5%-იანი საშემოსავლო გადასახადი არის გარკვეული ჯგუფებისთვის, თუმცა არიან გარკვეული ჯგუფები, ვისთვისაც სოციალური დაზღვევის გადასახადი შეიძლება წარმოიქმნას. როცა ჯგუფურ ან ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებთ, ამ სქემას ძალიან დეტალურად ვაცნობთ, რადგან გერმანიის საგადასახო სისტემა საკმაოდ რთულია. თუ ადამიანი დიასახლისი, სტუდენტი ან პენსიონერია [აქ მხოლოდ ასაკობრივი პენსია არ იგულისხმება], მისთვის გერმანიაში რელევანტურია საშემოსავლო გადასახადი 5%-ის ოდენობით. თუ პირი დასაქმებული ან თვითდასაქმებულია, მას ემატება სოციალური დაზღვევის გადასახადიც 20%-ის. აქედან გამომდინარე, მოქალაქეს თავად აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, უღირს თუ არა ამ სქემაში ჩართვა”,-აცხადებს ველთაური.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის:

  • კორონავირუსის PCR-ტესტი, რომელიც 100-150 ლარამდე ღირს.
  •  საქართველოს ბიომეტრიული [ე.წ. უცხოეთის] პასპორტი, რომლის ღირებულებაც, არქონის შემთხვევაში, შეკვეთიდან მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარია.
  • ჯანმრთელობის ცნობა, იგივე ფორმა 100, რომლის აღებაც საშუალოდ 40-120 ლარი ღირს.
  • ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც დაახლოებით 600-დან 1500 ლარამდე ეღირება [ღირებულებაც იცვლება სხვადასხვა საავიაციო კომპანიებისა და ბილეთების შეძენის დროის შესაბამისად].
  • ნასამართლეობის ცნობის აღება [დაჩქარებული წესის გამოყენების გარეშე] უფასოა.

გაიგეთ მეტი

300-მდე ვაკანსია უკვე არის შემოსული, აპრილში გერმანიაში, სავარაუდოდ, 65-მდე ადამიანი გაემგზავრება – ველთაური

მასალების გადაბეჭდვის წესი