ახალი ამბები

გერმანიაში 2021 წელს საქართველოს 500 მოქალაქე დასაქმდება

22 თებერვალი, 2021 • 4307
გერმანიაში 2021 წელს საქართველოს 500 მოქალაქე დასაქმდება

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება.


ნეტგაზეთი რამდენიმე დღის განმავლობაში არკვევდა, რამდენი სამუშაო ადგილია გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021 წელს გერმანიაში, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული გამგზავრება და საშუალო გათვლებით, რა შემოსავალს მიიღებენ დასაქმებული პირები.

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე დასაქმების საპილოტე პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 500- ადგილიანი კვოტაა დაწესებული. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საგენტო  “ნეტგაზეთის”  ამ კითხვას არ პასუხობს, მოქალაქეებს კი  სააგენტოს ფეისბუკ გვერდზე ასე პასუხობენ: “ამ ეტაპზე 500 აპლიკანტის დასაქმება იგეგმება, მაგრამ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა კვოტა გაიზარდოს”.

რეალურად რამდენი ადამიანი შეძლებს გერმანიაში გამგზავრებას?

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ 2021 წლის 16 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველ, საპილოტე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა კვოტა, რომელიც 500 სეზონური მშრომელით განისაზღვრა. გარდა ამისა, გერმანული სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ:

  • სეზონური დასაქმება არის ნაწილი იმ საპილოტე პროგრამისა, რომელიც ემსახურება მესამე ქვეყნებიდან სეზონური მუშახელის შერჩევისა და დასაქმების პროცესის შექმნასა და გამოცდას;
  • საპილოტე პროგრამა განხორციელდება ბადენ-ვიურტემბერგისა [დასავლეთ გერმანია] და ბერლინ-ბრანდერბურგის [აღმოსავლეთ გერმანია] რეგიონში;
  • სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს საქართველოდან გერმანიაში 2021 წლის მაისის დასაწყისში ელიან;
  • საპილოტე პროგრამის მიზანი გახლავთ მომავალი შეთანხმებების გაფორმება მესამე ქვეყანასთან [საქართველოსთან] დაწესებული კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, გერმანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, 2021 წლის პირველი იანვრიდან მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 9.50 ევროდ [სრული ჯამი; გადასახადების ჩათვლით], ხოლო ამავე წლის ივლისიდან 9.60 ევრო გახდება.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რეალურად რამდენი მოქალაქის გაშვებას გეგმავდა ქართული მხარე გერმანიაში სამუშაოდ. ამ კითხვებით დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ გერმანიაში იმდენი ადამიანი წავიდოდა, რამდენზეც იქნებოდა მოთხოვნა გერმანული მხარის მიერ.

ნეტგაზეთმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შეკითხვებით მიმართა გასულ პარასკევს. გვაინტერესებდა, არსებობდა თუ არა გერმანული ბაზრის კვლევა, თუ რამდენი სამუშაო ადგილი იყო გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის; ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმების პორტალზე იმაზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდებოდა, ვიდრე ეს გერმანული მხარის მიერ წინასწარ გაწერილი კვოტით, ან ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნით იქნებოდა განპირობებული, როგორ მოხდებოდა სამუშაო კადრების შერჩევა, რადგან დასაქმების პორტალზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელთა მახასიათებლები, გარდა პირადი მონაცემებისა, პრაქტიკულად მსგავსია, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

“თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც შესაბამისად გაუმკლავდებიან მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, მსურველთა და დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი გაიზრდება”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მინისტრობის განდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, თუმცა უცნობია, რა იგულისხმა ტიკარაძემ, კონკრეტულად გერმნაიაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა თუ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების გაფორმება.

რა დაჯდება გამგზავრება და რამდენს გამოიმუშავებენ დასაქმებულები

გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის:

[checklist]

  • კორონავირუსის PCR-ტესტი, რომელიც 100-150 ლარამდე ღირს.
  •  საქართველოს ბიომეტრიული [ე.წ. უცხოეთის] პასპორტი, რომლის ღირებულებაც, არქონის შემთხვევაში, შეკვეთიდან მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარია.
  • ჯანმრთელობის ცნობა, იგივე ფორმა 100, რომელიც აღებაც საშუალოდ 40-120 ლარი ღირს.
  • ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც დაახლოებით 600-დან 1500 ლარამდე ეღირება [ღირებულებაც იცვლება სხვადასხვა საავიაციო კომპანიებისა და ბილეთების შეძენის დროის შესაბამისად].
  • ნასამართლეობის ცნობის აღება [დაჩქარებული წესის გამოყენების გარეშე] უფასოა.[/checklist]

გარდა ამისა, სეზონურად დასაქმებულებს მოუწევთ აეროპორტიდან დასაქმების ადგილზე ავტობუსით, მატარებლით ან ტაქსით ჩასვლა, რაც განსხვავებული იქნება გამომდინარე დასაქმების ადგილის დაშორებისა და გადაადგილების ფორმის მიხედვით.

გერმანიაში მოქალაქეები კვირაში 5 ან 6 დღის განმავლობაში, დღეში 8-10 საათი იმუშავებენ. შესაბამისად, მათ მიერ გამომუშავებული თანხა 3 თვის განმავლობაში მინიმუმ 5000-დან 7 400 ევრომდე იქნება, რომელსაც გამოკლდება გამგზავრების, საცხოვრებელისა და კვების ხარჯები. ასევე, ხელფასიდან დაიქვითება 5 %, როგორც გერმანიის საშემოსავლო გადასახადი.

“დამსაქმებელი უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ადამიანს იქ დახვდეს კარგი საცხოვრებელი პირობები, ოღონდ დასაქმებული თვითონ იხდის ამ საცხოვრებელ ქირას. ეს არის შეღავათიანი ფასები, ეს არ არის რაღაც სტანდარტული საბაზრო ფასები, რაც გერმანულ ბაზარზეა.  ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს, დამსაქმებელს უწერია, რომ დღეში 6 ევროს გადავახდევინებო. თუმცა ზუსტი ხარჯი გამგზავრებამდე ადამიანს ეცოდინება აუცილებლად, კვებაც თვითონ უნდა დაფაროს”, –  გასულ კვირას განუცხადა  ნეტგაზეთს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა.

რატომ მიემგზავრებიან  

“ვგეგმავ გერმანიაში წასვლას და მინდა ფული დავაგროვო. რთული სამუშაო არ ჩანს, რაც ვნახე. გამოცდილებაც მაქვს და მინდა სამი თვით ვიმუშაო. მე თურქეთშიც მიმუშავია. როდესაც თურქეთში ადმაიანი ჩადის სამუშაოდ, იქ დასაქმებული დაცული არ არის. დამსაქმებელს შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი გადაგიხადოს, რამდენი ხანიც უნდა, იმდენი გამუშაოს და არ დაიცვას შენი უფლებები. იქ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული და არა კანონზე. ამასთან შედარებით, გერმანიაში გაცილებით კარგი ვითარება იქნება, არა მხოლოდ პირობების, არამედ ანაზღაურების კუთხითაც”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას 24 წლის გივი.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას გერმანიაში გასამგზავრებელი თანხა, გივი პასუხობს, რომ ამჟამად გასამგზავრებელი თანხა სრულად არ აქვს, თუმცა მოაგროვებს.

“ამ წუთას არ მაქვს თანხა, მაგრამ ან ბანკის სესხით ვისარგებლებ, ან ახლობლისგან ვისესხებ, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გერმანიაში მუშაობით სრულად გადავიხდი ვალს”, – აცხადებს იგი.

კიდევ ერთი აპლიკანტი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, აცხადებს, რომ გერმანიაში გამგზავრების მთავარი მოტივაცია იქაური ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა, რამელსაც შემდგომში საკუთარ მეურნეობაში გამოიყენებს.

“მშობლებს ადრეული ასაკიდან ვეხმარები. პირველი, როდესაც ამ პროგრამის შესახებ შევიტყვე, იყო უდიდესი ინტერესი იქაური სოფლის მეურნეობის შესახებ. მატერიალურმა მხარემ შედარებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა იმის გამო, რომ ანაზღაურებაც შესაბამისია, რა თქმა უნდა, გამგზავრება ღირს”, – აცხადებს 19 წლის საბა.

არიან ისეთებიც, ვინც უკვე შეავსო დასაქმების აპლიკაცია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაემგზავრებიან თუ არა გერმანიაში.

“დაველოდები იმ პირობებს, რასაც შემომთავაზებენ. კონკრეტულად რა საქმიანობა იქნება, იმის მიხედვით მივხვდები, რამდენად შევძლებ ან ვერ შევძლებ. ბევრმა დაწერა, რომ რთულია მუშაობა, მაგან ცოტა დამაეჭვა, მაგრამ თუ ოდნავ შესაძლებელი იქნება მუშაობა, უკან არ დავიხევ. სიახლის საკუთარი თვალით ხილვა და უშუალოდ პროცესში მონაწილეობა დამეხმარება, რომ აქ, საქართველოში უკეთესად მოვაწყო ჩემი მეურნეობა”, – გვითხრა  30 წლის მარიტამ თბილისიდან.

მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეავსეს სარეგისტრაციო ფორმა, აცხადებენ, რომ გამგზავრებისთვის საშუალოდ 1000-1500 ლარი დაეხარჯებათ, ხოლო გერმანიაში მუშაობის დროს 12 000-დან 15 000-მდე ლარის დაგროვებას ვარაუდობენ.

რა არის სეზონური სამუშაო

სეზონური სამუშაო გერმანიის ფედერალურ რეგიონებში მდებარე ფერმებში  მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში მუშაობას გულისხმობს. როგორც წესი, ასეთ ფერმებს შინამეურნეობები, ფერმერული ოჯახები მართავენ, რომლებიც თავად აფორმებენ კონტრაქტს სეზონურად დასაქმებულ პირებთან, ხოლო სახელმწიფო ზოგჯერ ერთგვარი შუამავალია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

2016 წლის მონაცემებით, გერმანიაში დაახლოებით 940 000 ადამიანი იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. აქედან თითქმის 449 000 ათასი შინამეურნეობების წევრები იყვნენ, ხოლო 490 900 – დაქირავებული მუშახელი, რომელთა 58 პროცენტს სწორედ სეზონურად დასაქმებული პირები შეადგენდნენ.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სხვა სექტორებში უფრო მაღალი შემოსავლების არსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა თავს იკავებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებისგან.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა 2020 წლის განმავლობაში. ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების მთავრობებმა კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად შეზღუდეს ქვეყნებს შორის გადაადგილება, რამაც გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში შრომითი ძალის ნაკლებობა გამოიწვია.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონური დასაქმების პილოტური პროგრამა 2020 დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დროში გადავადდა. საბოლოოდ, პროგრამით დასაქმებას მოქალაქეები აპრილი-მაისიდან შეძლებენ.

გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, გერმანიაში სეზონურად დასაქმება ბოსნია&ჰერცოგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთისა და მოლდოვის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. აღნიშნულ ქვეყანათა ჯგუფს “მესამე ქვეყნები” ეწოდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან. ასეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად სეზონურად დასაქმებისთვის, როგორც წესი, მთავრობებს შორის მიღწეული შეთანმხებაა საჭირო.

გარდა “მესამე ქვეყნებისა”, გერმანიაში სეზონურად საქმდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც არ სჭირდებათ მთავრობათაშორისი შეთანხმება. ამ შემთხვევაში შეთანხმება უშუალოდ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის იდება, დასაქმების ადგილზე საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისა და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა შედარებით მარტივად ეძლევათ.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების უმეტესობაც სწორედ რუმინეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის მოქალაქეებზე მოდის.


სეზონური დასაქმების პროგრამა ცირკულარული მიგრაციის სახეა, რა დროსაც ადამიანები, რომლებიც ერთ კონკრეტულ საცხოვრებელ გარემოში, ქალაქში, სოფელში ან ქვეყანაში ცხოვრობენ, სამუშაოდ გადაადგილდებიან სხვა ადგილებისკენ, საიდანაც პერიოდულად საკუთარ სახლებში ბრუნდებიან.

გთავაზობთ ნეტგაზეთის მასალას არქივიდან, სოციალური პოლიტიკის მკვლევრის, ანა დიაკონიძის მოსაზრებას, თუ რატომ არ შეიძლება, მისი აზრით, ცირკულარული მიგრაცია და უცხოეთში სეზონური დასაქმების პროგრამები იყოს სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკის ძირითადი საყრდენი:

„უმუშევრობის ექსპორტი“, როგორც მცდარი პოლიტიკა — ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი