გერმანიაში დროებით დასაქმების პროგრამაზე ამ დროისთვის 300-მდე ვაკანსიაა შესული, ხოლო პირველი ჯგუფი, დაახლოებით 60 ადამიანი, გერმანიაში აპრილის დასაწყისში გაემგზავრება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განუცხადა. სააგენტომ შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო, რაც აპლიკანტების გასაუბრებაზე დაბარებას, გამგზავრების ეტაპებისა და სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
“ამ ეტაპისთვის დაახლოებით 300 ვაკანსია არის შემოსული. აპრილის თვეში ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დაახლოებით 65 ადამიანი გაემგზავრება. შემდეგი ვაკანსიების ნაწილი მაისიდან იწყება. როდესაც მოდის აპლიკაცია, იქ რაიმე დამატებითი კრიტერიუმი მითითებული თუ არის… მაგალითად, შეიძლება ეწეროს, რომ ისეთი ტიპის სამუშაოა, რომ მხოლოდ კაცი სჭირდებათ, ან ქალები, ასეთი ვაკანსია ჯერ არ შემოსულა. ასევე შესაძლოა შემოვიდეს ვაკანსია, რომელიც გარკვეული ტიპის მართვის მოწმობას საჭიროებს. ამასაც არ გამოვრიცხავ. რადგან გერმანიაში სამუშაოების დიდი პროცენტი მექანიზებულია, შესაბამისად, ამ დანადგარებსა და მანქანებს ცოდნა სჭირდება. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი კონკრეტული კრიტერიუმი იქნება მითითებული, შერჩევას ასე გავაგრძელებთ. სარეგისტაციო პროცესში ასეთი კითხვები დავსვით. ის ვაკანსიები, რომლებიც უკვე ვახსენე და ვემზადებით 65 ადამიანის გასაშვებად, მათში სპეციფიკური კრიტერიუმები მითითებული არ ყოფილა”, – აცხადებს ნინო ველთაური.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ასევე გვეუბნება, რომ საწყის ეტაპზე აჭარის რეგიონი შეირჩა, რადგან აჭარაში მცხოვრებლებს სეზონურად თურქეთში დასაქმების გამოცდილება აქვთ.
“პირველ 25 ვაკანსიაზე აპლიკაციები შევაგროვეთ აჭარის რეგიონიდან, რადგან აქ მოსახლეობას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სეზონური სამუშაოების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტების მიხედვით ავიღეთ რეგისტრირებული მოქალაქეები, ასევე დავაბალანსეთ სქესისა და ასაკის მიხედვით. სამი ასაკობრივი ჯგუფი გამოვყავით 18-დან 29 წლამდე, 30-დან 45 წელს ზემოთ. შერჩეული აპლიკანტები სამივე ჯგუფიდან თანაბარი რაოდენობით ავიღეთ. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა გამოცდილება, ზოგმა ენა იცოდა. სამწუხაროდ, ცოტაა ისეთი აპლიკანტი, რომელიც ამ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შემდეგ ალბათობის პრონციპით დაახლოებით 250 პირი შევარჩიეთ, რომელთაც შეტყობინება გაეგზავნათ”.
კითხვაზე, თუ აპრილში მხოლოდ აჭარა-გურიის რეგიონის მცხოვრებლები შეძლებენ წასვლას, რამდენად სამართლიანია აპლიკანტების ასე, რეგიონების მიხედვით დანაწილება, ან აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აპლიკანტებს როდის მოუწევთ წასვლა, ველთაური პასუხობს;
“ჩვენ ეს ვაკანსიები უნდა გადავანაწილოთ თანაბრად. აქედან გამომდინარე, ყველა რეგიონს თანმიმდევრულად მივყვებით. აჭარის რეგიონიდან რატომ დავიწყეთ, უკვე გითხარით, თუმცა გურია აჭარას ამ კუთხით არ ჩამოუვარდება. ისევე როგორც სამეგრელოსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს… გურია გარკვეულწილად მცირემიწიანი რეგიონია. ასევე მცირემიწიანი რეგიონია ზემო იმერეთი. შესაბამისად, ამ ფაქტორებსაც ექცევა ყურადღება, თუმცა ნელ-ნელა ყველა რეგიონს მოვიცავთ და ყველა რეგიონიდან მოხდება აპლიკაციების გაგზავნა გერმანულ მხარესთან.”
ნინო ველთაურის განმარტებითვე, შემდეგ ეტაპზე ზემო იმერეთიდან ან სამცხე-ჯავახეთიდან აპლიკაციების გაგზავნა განიხილება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ვერ ამბობს, 2021 წელს, საპილოტე წელს, რამდენი ადამიანი შეძლებს 3 თვით გერმანიაში დასაქმებას, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი რაოდენობა 500-ს გადააჭარბებს. გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით კი, პირველ ეტაპზე დასაქმების პროგრამით საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 500- ადგილიანი კვოტაა დაწესებული.
“500-ადგილიანი კვოტა მოიაზრება.. ასეთი ფორმულირებით იყო მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული. ეს იყო სავარაუდო რიცხვი და ამაზე სამინისტრომაც გააკეთა განმარტება. 2019 წელს, ანუ მაშინ, როცა პირველად მოხდა კომუნიკაცია და მხარეებმა ამ შეთანხმებაზე მსჯელობა დაიწყეს, მაშინ იყო სავარაუდო რიცხვი ნახსენები, თუმცა წელს ეს რიცხვი რელევანტური აღარ არის. დარწმუნებული ვარ, 500-ზე მეტი იქნება, რადგან 300 ვაკანსია უკვე შემოსული გვაქვს.”
ნინო ველთაურის თქმით, PCR ტესტის, ჯანმრთელობის ცნობისა და ბიომეტრიული პასპორტის გარდა, აპლიკატმა უნდა დაფაროს ორივე გზის ბილეთის საფასური და ასევე ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის თანხა, რითიც გერმანიაში ხელფასის აღებამდე თავს გაიტანს.
გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის:
- კორონავირუსის PCR-ტესტი, რომელიც 100-150 ლარამდე ღირს.
- საქართველოს ბიომეტრიული [ე.წ. უცხოეთის] პასპორტი, რომლის ღირებულებაც, არქონის შემთხვევაში, შეკვეთიდან მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარია.
- ჯანმრთელობის ცნობა, იგივე ფორმა 100, რომლის აღებაც საშუალოდ 40-120 ლარი ღირს.
- ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც დაახლოებით 600-დან 1500 ლარამდე ეღირება [ღირებულებაც იცვლება სხვადასხვა საავიაციო კომპანიებისა და ბილეთების შეძენის დროის შესაბამისად].
- ნასამართლეობის ცნობის აღება [დაჩქარებული წესის გამოყენების გარეშე] უფასოა.
ველთაური ასევე აცხადებს, რომ განსხვავებულად დაიბეგრებიან საქართველოში დასაქმებული და უმუშევარი აპლიკანტები. მაგალითად, თუ ადამიანს საქართველოში აქვს სამსახური და 3 თვით გერმანიაში წავა სამუშაოდ, მისი შემოსავალი 25%-ით დაიბეგრება, მაშინ, როცა უმუშევარ საქართველოს მოქალაქეებს გერმანული მხარე მხოლოდ 5%-ით დაბეგრავს.
“5%-იანი საშემოსავლო გადასახადი არის გარკვეული ჯგუფებისთვის, თუმცა არიან გარკვეული ჯგუფები, ვისთვისაც სოციალური დაზღვევის გადასახადი შეიძლება წარმოიქმნას. როცა ჯგუფურ ან ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებთ, ამ სქემას ძალიან დეტალურად ვაცნობთ, რადგან გერმანიის საგადასახო სისტემა საკმაოდ რთულია. თუ ადამიანი დიასახლისი, სტუდენტი ან პენსიონერია [აქ მხოლოდ ასაკობრივი პენსია არ იგულისხმება], მისთვის გერმანიაში რელევანტურია საშემოსავლო გადასახადი 5%-ის ოდენობით. თუ პირი დასაქმებული ან თვითდასაქმებულია, მას ემატება სოციალური დაზღვევის გადასახადიც 20%-ის. აქედან გამომდინარე, მოქალაქეს თავად აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, უღირს თუ არა ამ სქემაში ჩართვა”.
26 წლის თეო ერთ-ერთია, რომელიც გასაუბრებაზე დაიბარეს. თეო ნეტგაზეთს უყვება რომ გერმანიაში გასამგზავრებლად ქმართან ერთად დარეგისტრირდა, თუმცა გასაუბრებაზე მხოლოდ ის დაიბარეს. მისივე თქმით, 10-მდე სხვა აპლიკანტთან ერთად სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და პროგრამის პირობები გააცნეს. იმის გამო, რომ საქართველოში სამსახური აქვს, გასაუბრებაზე უთხრეს, რომ მისი გერმანიაში გამომუშავებული შემოსავალი 25%-ით დაებეგრება. ამ ეტაპზე ჯერ არ გადაუწყვეტია, მივიდეს თუ არა გასაუბრების შემდეგ ეტაპზე. მას ქმართან ერთად უნდოდა სამუშაოდ წასვლა, მაგრამ გასაუბრებაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა აუხსნეს, რომ რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის გათვალისიწნებით [რაც 10 მარტის მდგომარეობით 96 ათას აჭარბებს], ერთი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანის წასვლა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მოხდება:
“გასაუბრებაზე ვკითხე, მიახლოებითი ფასი გვითხარით გზის ხარჯების-მეთქი. მითხრეს, რომ დაახლოებით ფასს ვერ გვეტყოდნენ, რადგან ბილეთის ფასი ყოველ დღე იცვლება, თუმცა თქვეს, რომ 250-300 ევრო უნდა გვქონოდა, რაც საკვებისთვის ერთი თვის თანხა იყო. აგვიხსნეს, რომ ბინის თანხას ხელფასიდან თვის ბოლოს დაგვიქვითავენ, მაგრამ 300 ევრომდე საკვებისთვის თანხა უნდა გვქონოდა. ვინც გასაუბრებაზე ვიყავით, ისინი უკვე შერჩეულები არ ვართ. უბრალოდ მეორე ეტაპზე გადავედი. ამის შემდეგ მოდის მესამე ეტაპი, როცა საბუთებს გზავნიან გერმანიაში დამსაქმებლებთან და უკვე იქიდან მოდის შერჩეული კანდიდატების სია. ანუ ისინი არჩევენ, ვინ უნდა წაიყვანონ. კიდევ საუბარი იყო იმაზე, რომ ჯგუფში რამდენიმე ადამიანმა ინგლისური ან გერმანული საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს”.
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონური დასაქმების პილოტური პროგრამა 2020 დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დროში გადავადდა. საბოლოოდ, პროგრამით დასაქმებას მოქალაქეები აპრილი-მაისიდან შეძლებენ.
გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, გერმანიაში სეზონურად დასაქმება ბოსნია&ჰერცოგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთისა და მოლდოვის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. აღნიშნულ ქვეყანათა ჯგუფს “მესამე ქვეყნები” ეწოდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან. ასეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად სეზონურად დასაქმებისთვის, როგორც წესი, მთავრობებს შორის მიღწეული შეთანმხებაა საჭირო.
გარდა “მესამე ქვეყნებისა”, გერმანიაში სეზონურად საქმდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც არ სჭირდებათ მთავრობათაშორისი შეთანხმება. ამ შემთხვევაში შეთანხმება უშუალოდ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის იდება, დასაქმების ადგილზე, საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისა და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა შედარებით მარტივად ეძლევათ.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების უმეტესობაც სწორედ რუმინეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის მოქალაქეებზე მოდის.