ახალი ამბები

სეზონურად დასაქმებულებს, რომელთა პირობები დაირღვა, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ — გერმანიის საელჩო

18 ივნისი, 2021 • 1321
სეზონურად დასაქმებულებს, რომელთა პირობები დაირღვა, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ — გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით  და აღნიშნავს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებლებმაც პროგრამით გათვალისწინებული პირობები დაარღვიეს, მიმდინარე კვირას ახალ დამსაქმებლებთან გადაიყვანენ:

“გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის”, – აცხადებენ საელჩოში.

გერმანიის საელჩოში აცხადებენ, რომ წუხან ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. საელჩოს თქმით, შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონური დასაქმების საპილოტე პროგრამა 2020 დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დროში გადავადდა. საბოლოოდ, პროგრამით დასაქმებას მოქალაქეები აპრილი-მაისიდან შეძლებენ.

გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, გერმანიაში სეზონურად დასაქმება ბოსნია&ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთისა და მოლდოვის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. აღნიშნულ ქვეყანათა ჯგუფს “მესამე ქვეყნები” ეწოდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან. ასეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად სეზონურად დასაქმებისთვის, როგორც წესი, მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებაა საჭირო.

გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე მყოფი ერთი ჯგუფი მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი