საზოგადოება

რას შეცვლის გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის

22 დეკემბერი, 2023 • 1684
რას შეცვლის გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს მთავრობა არ დაინტერესდა გერმანული მხარის შეთავაზებით, რომელიც ქართველებს გერმანიის შრომის ბაზარზე წვდომას გაუადვილებდა.

საუბარია დასავლეთ ბალკანეთის მოდელზე, რომლის გაფართოებასაც, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გერმანული მხარე საქართველოს სთავაზობდა. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ გერმანულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესში „ბალკანური მოდელი“ განხილვის საგანს არ წარმოადგენდა.

აღნიშნული ინფორმაცია გერმანულ მედიაში მაშინ გავრცელდა, როცა თბილისს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი სტუმრობდა. სწორედ მისი ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი მიზანი შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.

ნეტგაზეთმა ამ საკითხზე მიმართა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულსაც, რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობას არასდროს უთქვამს უარი გერმანიაში ლეგალურ მიგრაციაზე“.

რა ხდება

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის (BAMF) თანახმად, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარს ყოველწლიურად, დაახლოებით, 8 ათასი ადამიანი ითხოვს. მათივე ცნობით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა 99%-ზე მეტი უარყოფით პასუხს იღებს.

თუმცა, სანამ თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვა მიმდინარეობს, უარის მიღებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ისინი გერმანიის მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მაინც იღებენ.

როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ჯამურად, თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადებზე უარის 15% საქართველოსა და მოლდოვაზე მოდის.

საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა  15 დეკემბერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება. ბუნდესტაგის გადაწყვეტილებიდან 4 დღის შემდეგ კი, 19 დეკემბერს, საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

რას გულისხმობს მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. დოკუმენტის გაცნობის თხოვნით ნეტგაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრიფინგით გვეხელმძღვანელა, რომელიც თბილისში 19 დეკემბერს გაიმართა.

სწორედ ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი გერმანიის შს მინისტმა 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლო სისტემის განტვირთვას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ლტოლვილთა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე.

„ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში. გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ამევე ბრიფინგზე ვახტანგ გომელაურმა დასძინა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებას არ გამოიწვევს.

ვახტან გომელაურის თქმით, შეთანხმება შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • უკანონო მიგრაციის შემცირება,
  • შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა,
  • საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება,
  • შეთანხმების ფარგლებში გაცვლითი მონაცემების დაცვა.

ამასთან, გომელაურის თქმით,  შეთანხმება ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას შემდეგი მიმართულებებით —  ცირკულარული მიგრაციისა და სეზონური შრომითი მიგრაციის გაძლიერება გერმანულ შრომით ბაზარზე და ქართველებისთვის შრომითი საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოება.

როგორც გომელაური ამბობს, ეს ნიშნავს, რომ გამარტივდება სამუშაო ვიზების გაცემა და  საქართველოს მოქალაქეებს შედარებით მარტივად შეეძლებათ იმუშაონ და დარჩნენ გერმანიაში. მისი თქმით, ამ მიზნით შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ორმხრივ ექსპერტთა ჯგუფის შექმნასაც შესაბამისი სამინისტროებისა და დაწესებულებების მონაწილეობით.

„უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის დასაქმების კუთხით. სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროებულია და მომავალში იქნება უფრო ადვილად ხელმისაწვდომი, ვიდრე დღეს არის. რაც შეეხება სამუშაოს, გერმანიაში სჭირდებათ კვალიფიციური ადამიანები, თუნდაც მძღოლები, ოჯახებში დასაქმებულები. ორივე მხარეს შეიქმნება ჯგუფები, რომელიც გაფილტრავს სამუშაოს მაძიებლებს. პირობითად, 100 000-დან შეირჩევა 20 ადამიანი.

საქართველოდან მოხდება საბუთის მიწოდება, დაიდება ხელშეკრულება, რამდენი ხანი უნდა იმუშაოს – ექვსი თვე, ერთი წელი, გაიცემა ლეგალური ვიზა. ჩავა და იმუშავებს ლეგალურად და არა — შეპარვით, კანონის დარღვევით. ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და შემდეგ ქრებოდა, ვპოულობდით სხვა ქვეყანაში, იყო ხოლმე ქურდობაც.

სამწუხაროდ, გვინდა თუ არა, ეს ასე ხდება. ასეთი რაღაც ჩვენთანაც ხდება. ჩამოდიან სხვა ქვეყნიდან და არის ძალიან ბევრი კანონდარღვევა. ადამიანი, რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და გაფორმებულია, იმას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მკურნალობაზეც ხაზს ვუსვამ, თუ რაიმე ისეთია, რაც ჩვენთან არ კეთდება, მის გამოძევებაზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რა შეიცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს „ფრონტექსის“  მონიტორინგის დამკვირვებელი ირმა ცირამუა ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეები 2024 წლიდან იგრძნობენ.

მისი თქმით, მთავარი სიახლე ისაა, რომ თუკი ადრე საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელი მოქალაქეების განაცხადების განხილვა შესაძლოა, თვეები ან წლები გაგრძელებულიყო, მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეების განაცხადები მოკლე პერიოდში განიხილება.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2024 წლის იანვრიდან მოითხოვენ თავშესაფარს გერმანიაში, ადგილზე განუცხადებენ უარს. ეს პროცედურა იმის მიხედვით იქნება გაგრძელებული, რის საფუძველზეც იქნება თავშესაფარი მოთხოვნილი. შესაძლებელია 3 თვე გაგრძელდეს პროცესი, შესაძლოა, წლებიც გაგრძელდეს, გააჩნია, რა მიზეზით იქნება თავშესაფარი მოთხოვნილი.

საქართველოს მოქალაქეს არ მიეცემა თავშესაფარი არ ნიშნავს იმას, რომ არ აქვთ უფლება მოითხოვონ თავშესაფარი. თუკი ექნებათ დასაბუთებული მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, საერთაშორისო და გერმანიის კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება დაკმაყოფილებული“, — აცხადებს ირმა ცირამუა ნეტგაზეთთან.

როგორც ირმა ცირამუა ამბობს, ვიზალიბერალიზაციიდან და კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ამ კუთხით ვალდებულებები აქვს და ამ შეთანხმების გაფორმების მიზანიც ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. თუმცა, მისი თქმით,  მსგავსი წესები პრაქიტკაში დიდად არ ამართლებს.

„მსგავსი [წესი] შემოიღო ავსტრიამ წლების წინ, მაგრამ  ისე ვერ განხორციელდა, როგორც ისინი ამას თეორიულად ხედავდნენ. ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, არის პროცედურები, რომელიც უნდა იყოს გავლილი. არ აქვს მნიშვნელობა, რის საფუძველზე ითხოვს ის თავშესაფარს. თავშესაფრის მომთხოვნები ძირითადად ისინი არიან, ვინც სამკურნალოდ მიდიან და როდესაც ადამიანი სამკურნალოდ ჩადის და ითხოვს თავშესაფარს, ნაკლებად რეალურია, რომ მათ უარი ადგილზევე უთხრან“, — ამბობს ირმა ცირამუა.

რას სთავაზობს გერმანია საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიასთან შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს.

უწყების თანახმად, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში შედის.

„შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.

შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ“, — აცხადებს საქართველოს შსს.

თუმცა, როგორ მოხდება ევროკავშირის სხვა ქვეყანაში უკვე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში უკეთეს სამუშაო ადგილზე დასაქმება, დეტალები უცნობია.

ირმა ცირამუას თქმით, იმას, რომ გერმანიამ დასაქმებული ადამიანი სხვა ქვეყნიდან წამოიყვანოს, ძალიან დიდი საფუძველი სჭირდება. ამიტომ მისთვის რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დასაქმებული ქართველები სახელმწიფოების ჩართულობით გერმანიაში უკეთეს პირობებში გადავიდნენ სამუშაოდ.

„[სახელმწიფო] ასე ვერ დაასაქმებს [ერთი ქვეყნიდან მეორეში]. მაშინ განსაკუთრებულ პროფესიას უნდა ეხებოდეს, რომ სხვა ქვეყნიდან წამოიყვანოს კადრი, ან მაგალითად, უნდა იყოს პოლონური ან ბერძნული ფირმა, რომელიც გერმანიაში არსებობს და იქიდან წამოიყვანოს. თუმცა ეს ინფორმაცია ნაკლებად რეალურია, რადგან მე მსგავსი რამ არ მსმენია, არც ჭორის დონეზე. შესაძლებელია ეს ეხებოდეს თვითონ ბერძნებს, მაგრამ ის, რომ  საბერძნეთში დასაქმებული ადამიანი ოფიციალურად წამოიყვანოს გერმანიამ თავის ქვეყანაში, ამის ძალიან დიდი საფუძველი უნდა იყოს.

მე, მაგალითად, მახსოვს, რომ სამედიცინო სფეროში, მოხუცების მოსავლელად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან მოწვეული იყო სამედიცინო პერსონალი. ამ სფეროში ნამდვილად სჭირდება გერმანიას მუშახელი, მაგრამ ის, რომ საქართველოდან დაასაქმონ ადამიანები, ამას შესაბამისი ტრენინგი სჭირდება“, – აცხადებს ირმა ცირამუა.

სთავაზობდა თუ არა გერმანია საქართველოს „ბალკანურ მოდელს“

გერმანული მხარის მხრიდან საქართველოსთვის ე.წ. ბალკანური  მოდელის შეთავაზებაზე ინფორმაცია გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 19 დეკემბერს გაავრცელა. მედია წერს, რომ გერმანიის მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ორი მიზანი ჰქონდა:

  • უფრო ნაკლებმა ქართველმა უნდა მიმართოს გერმანიაში თავშესაფარს, რადგან ისინი, როგორც წესი, ვერ იღებენ თავშესაფარს და პროცედურები კვლავ ტვირთავს გერმანულ ბიუროკრატიას;
  • სამაგიეროდ, ქართველებმა ემიგრაცია უნდა განახორციელონ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას აკლია კვალიფიციური მუშახელი.

გერმანიის საზოგაოდოებრივი მაუწყებლის თანახმად, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა რწმუნებულმა იოახიმ შტამპმა მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობას შესთავაზა დასავლეთ ბალკანეთის მოდელის გაფართოება, რაც გაუადვილებდა ქართველებს გერმანიის შრომის ბაზარზე წვდომას.

„გერმანული გადმოსახედიდან, [„ბალკანური მოდელი] გონივრული ნაბიჯია, მაგრამ საქართველოსთვის ეს იდეა სრულიად უინტერესო იყო.  ქვეყანა უკვე განიცდის „ტვინების გადინებას“: ბევრმა ახალგაზრდამ, კარგად განათლებულმა ადამიანმა უკვე დატოვა ქვეყანა, დარჩენილი მუშახელი კი საჭიროა თავად საქართველოში“, – წერს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დასავლეთ ბალკანეთის რეგულაცია გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 2015-ის ნოემბერში მიღებული უფრო ყოვლისმომცველი კანონპროექტის ნაწილია. ამ რეგულაციით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეები დროებით სამუშაო ვიზებს იღებენ, თუ გერმანელი დამსაქმებლიდან აქვს მიწვევა. ლეგალური გზა გაიხსნა იმ დათქმით, რომ მას აირჩევდა ის ხალხი, ვინც სხვა შემთხვევაში გერმანიაში თავშესაფარს მოითხოვდა. თავდაპირველად, რეგულაციას უნდა ემოქმედა ხუთი წელი, 2020-ის დეკემბრის ბოლომდე.

2020-ის სექტემბერში რეგულაცია 2023-ის ბოლომდე გახანგრძლივდა. დაწესდა კვოტა — 25 000 ადამიანი წელიწადში, იმაზე დაყრდნობით, რამდენმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი 2019 წელს. დამსაქმებლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ სამუშაოსთვის ვერ პოულობენ ადგილობრივებს და დასაქმების პირობები კონკრეტულ მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს.

თუმცა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გერმანულ მხარესთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის, შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა  შეთანხმების პროექტი, სადაც „ბალკანური მოდელი“ განხილვის საგანს არ წარმოადგენდა.

საქართველოსთვის „ბალკანური მოდელის“ შეთავაზებას არ ახსენებს თავად იოახიმ შტამპი, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებული. მას კითხვა ნეტგაზეთმა საქართველოში გერმანიის საელჩოს საშუალებით გადასცა და პასუხიც ამ გზით მიიღო.

„საქართველოს მთავრობასთან გვქონდა კარგი და ნდობით აღსავსე მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ არალეგალური მიგრაცია და ხელი შევუწყოთ ლეგალურ მიგრაციას.

ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებდით ცირკულარულ მიგრაციაზე და იმ ქართველების დასაქმებაზე, რომლებიც არასტაბილური პირობებით უკვე დასაქმებული არიან ევროპის სხვა ქვეყნებში; ასევე, ლეგალური მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც ღიად ისაუბრებენ დამატებითი შესაძლებლობების თაობაზე. საქართველოს მთავრობას არასდროს უთქვამს უარი გერმანიაში ლეგალურ მიგრაციაზე“, — აცხადებს იოახიმ შტამპი ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში.

იმას, რომ გერმანიის მხრიდან „ბალკანური მოდელის“ შეთავაზება რეალური ყოფილიყო, სკეპტიკურად უყურებს ირმა ცირამუა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას გარკვეულ სფეროებში მუშახელი ნამდვილად სჭირდება, ამ საჭიროების დაკმაყოფილება შენგენის ქვეყნებიდანაც შეუძლია.

„მე ვფიქრობ, თუ ეს რეალური შეთავაზება იყო და არ ჰქონდა მხოლოდ ფორმალური მხარე, მაშინ ქართულ მხარეს შეეძლო, უბრალოდ, დაფიქრებულიყო მაინც ამ საკითხზე, რადგან ამით გაუადვილდებდათ დასაქმება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ლეგალურად ან არალეგალურად ან  სხვადასხვა ვიზით იმყოფებიან გერმანიაში, ან თუნდაც მომავალში ფიქრობენ წასვლას.

თუმცა, რამდენად რეალური შეთავაზება იყო ეს გერმანიის მხრიდან, ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. გერმანიას ნამდვილად სჭირდება მუშახელი, მაგრამ თვითონ შენგენის ტერიტორიაზე იმდენი ქვეყნის წარმომადგენელი ჰყავთ (უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ა.შ.), რომლებიც შეიძლება იქნენ დასაქმებული, ნაკლებად წარმომიდგენია, გერმანიას ამ ეტაპზე სჭირდებოდეს [ქართველი] მუშახელი, გარდა სამედიცინო სფეროსი“, — ამბობს ირმა ცირამუა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი